ახალი ამბები

ავღანეთში ჩარჩენილმა ქართველებმა ქაბულის აეროპორტამდე მისვლა ამ დრომდე ვერ მოახერხეს — ხვთისიაშვლი

16 აგვისტო, 2021 • 1117
ავღანეთში ჩარჩენილმა ქართველებმა ქაბულის აეროპორტამდე მისვლა ამ დრომდე ვერ მოახერხეს — ხვთისიაშვლი

ავღანეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნიდან წამოსვლა ვერ მოახერხეს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა დღეს, 16 აგვისტოს, განაცხადა.

მისი თქმით, ქაბულში მყოფმა ქართველებმა, მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტიდან 2 კილომეტრში მდებარე ბაზაზე იმყოფებიან, აეროპორტამდე მისვლა ვერ მოახერხეს და, შესაბამისად, ვერ მიუსწრეს უკრაინულ ბორტს, რომელსაც ისინი უნდა წამოეყვანა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მთავრობა მათ წამოსაყვანად ცალკე ბორტს გააგზავნის. მისი თქმით, ახლა მიმდინარეობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად, პრემიერის დავალებით, აქტიურად მუშაობს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. გუშინ დილით დაგვირეკეს და გვთხოვეს დახმარება და საქართველოში ჩამოყვანა. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცოდით მათი იქ არსებობა. 2 საათისთვის ჩვენ უკვე გვქონდა უზრუნველყოფილი შესაბამისი რეისი ქაბულის აეროპორტიდან, შეთანხმებული გვქონდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მისულიყვნენ აეროპორტში. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მათი მისვლა აეროპორტში იმ მომენტისთვის, როდესაც რეისი იყო დაგეგმილი და უკრაინული ბორტი მათ გარეშე გამოფრინდა”, — განაცხადა ხვთისიაშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ თურქული მხარის დახმარებით მოხერხდეს საქართველოს მოქალაქეების ქაბულის აეროპორტამდე მიყვანა.

“ამასთან ერთად, ჩვენ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდა საუბარი. მათი მხრიდან არის ასევე დასტური, რომ მათი გამოყვანა მოხერხდება, თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან. რამდენიმე რეისის არის კიდევ დაგეგმილი. მათ, სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს ღამის განმავლობაში მისვლა იმიტომ, რომ მდგომარეობა იყო დაძაბული ქაბულში და არჩიეს, რომ ბაზაზე დარჩენილიყვნენ. ახლა ვმუშაობთ მათი საკუთარი ბაზიდან აეროპორტში გადასყვანად. თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა მზაობა, რომ ისინი დაგვეხმარებიან, ქაბულის აეროპორტში ჯავშნიანი მანქანებით მიიყვანონ. ახლა მიმდინარეობს ეს ოპერაცია და იმედია, უახლოეს მომავალში ისინი ქაბულის აეროპორტში იქნებიან მიყვანილი, საიდანაც ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ მათ ჩამოყვანას საქართველოში”, — განაცხადა ხვთისიაშვილმა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ქაბულში საქართველოს 23 მოქალაქე იმყოფება, რომლებიც ყოფილი სამხედროები არიან და კერძო კონტრაქტებით  მუშაობენ, 6 მათგანი- ამერიკულ კომპანიაში, 17 კი -კანადურ კომპანიაში.


15 აგვისტოს “თალიბანის მებრძოლებმა” ქაბულზე კონტროლი მოიპოვეს. მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა და მეზობელ ტაჯიკეთში თვითმფრინავით გაემგზავრა.

ქაბულზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, “თალიბანმა” 20-წლიანი ომი დასრულებულად გამოაცხადა.

ამ დროისთვის ქაბულის აეროპორტი არის ერთადერთი ადგილი ქვეყანაში, რომელსაც “თალიბანი” ვერ აკონტროლებს.

აეროპორტის ტერიტორიაზე, გარდა თურქული და აზერბაიჯანული რაზმებისა, ასევე იმყოფებიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ქვეყანაში საელჩოების თანამშრომლების ევაკუაციის მიიზნით მიავლინეს.

გარდა უცხოელი მოქალაქეებისა, ქაბულის აეროპორტის გავლით ქვეყნის დატოვებას ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი