ახალი ამბები

თალიბანმა დაიკავა ბოლო საკვანძო ქალაქი ავღანეთის ჩრდილოეთში

14 აგვისტო, 2021 •
თალიბანმა დაიკავა ბოლო საკვანძო ქალაქი ავღანეთის ჩრდილოეთში

ადგილობრივი ოფიციალური პირები და საერთაშორისო მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ თალიბანმა დაიკავა მაზარ-ი-შარიფი: უკანასკნელი საკვანძო ქალაქი ქვეყნის ჩრდილოეთში, რომელსაც შაბათის საღამომდე აკონტროლებდა ავღანეთის მთავრობა. ამ მოცემულობით, დაჯგუფებამ მთლიანად დაამყარა კონტროლი ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილზე.

მაზარ-ი-შარიფი, რომელიც ბალხის პროვინციის დედაქალაქია, დაჯგუფების სხელში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც 2 დღით ადრე მისმა მებრძოლებმა 2 საკვანძო ქალაქი დაიკავეს ქვეყნის დასავლეთსა და სამხრეთში. New York Times-ის მიხედვით, დაჯგუფებამ ჩრდილოეთის უკანასკნელ ბასტიონზე მისი საზღვრების გადალახვიდან სულ 1 საათში დაამყარა კონტროლი.

მაზარ-ი-შარიფში თალიბანის შესვლიდან მალევე, ქალქი დატოვეს როგორც სამთავრობო ძალებმა, ისე ადგილობრივი მეთაურების – მარშალ აბდულ რაშიდ დოსთუმისა და ათა მუჰამად ნურის – მილიციებმა.

“სამთავრობო ძალებმა და სახალხო [რაზმებმა], ყველამ დატოვა ქალაქი. თალიბანმა დაიკავა სამთავრობო და სამხედრო შენობები. წინააღმდეგობა არ ყოფილა”, – ციტირებს გამოცემა ჰაშიმ აჰმადზაის, პრო-სამთავრობო მილიციის მეთაურს.

თალიბანი ახლა ეფექტურად აკონტროლებს როგორც ავღანეთის სამხრეთს, ისე დასავლეთსა და ჩრდილოეთს. დაჯგუფების წინსვლას, ჯერჯერობით, ვერაფერი აკავებს. ის განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა, 20-წლიანი სამხედრო ოპერაციების შემდეგ, ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

თალიბანმა ბოლო ორი კვირის მანძილზე ავღანეთის რეგიონული დედაქალაქების ნახევარზე მეტი აიღო. მაზარ-ი-შარიფის დაკავების შემდეგ კი, მხოლოდ 2 საკვანძო ქალაქი რჩება მთავრობის კონტროლქვეშ: დედაქალაქი ქაბული და პაკისტანის საზღვართან მდებარე ჯალალაბადი.

ამ ფონზე, დასავლეთის ქვეყნები ავღანეთიდან თავიანთი მოქალაქეების გასაყვანად ემზადებიან. ვაშინგტონში ამბობენ, რომ ქაბულში გაგზავნილი ამერიკელი სამხედროები ყოველდღიურად ათასობით ადამიანის გაყვანას შეძლებენ. ქვეყანაში სამხედროებს აგზავნის ბრიტანეთიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი