ახალი ამბები

არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი, აცრა სავალდებულო არ იქნება – ღარიბაშვილი

13 აგვისტო, 2021 • 10459
არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი, აცრა სავალდებულო არ იქნება – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს მის განცხადებას ვაქცინაციის შესაძლო დავალდებულების შესახებ და აცხადებს, რომ ეს საკითხი არ განიხილება.

„მე დღეს გამოვედი ერთ-ერთ შეხვედრაზე და, როგორც ჩანს, არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი“, – აცხადებს პრემიერი.

12 აგვისტოს დილას მან აშშ-ის მაგალითზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მალე „საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას, შესაბამისად, ჩვენ – გვინდა, თუ არ გვინდა – ამის გაკეთება მოგვიწევს“.

თუმცა იმავე საღამოს ღარიბაშვილმა თქვა, რომ არ უგულისხმია საქართველოში ვაქცინაციის დავალდებულება მოქალაქეებისთვის.

„როგორც ჩანს, არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი, თითქოს მე ვთქვი, რომ ჩვენ გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს და აცრა იქნება სავალდებულო. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა 13 აგვისტოს ახმეტაში, ახმეტის მერობის კანდიდატის, ალექსი ფიცხელაურის წარდგენისას.

„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ნებაყოფლობითი. ეს არის ადამიანის არჩევანი. თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თავად უნდა გააკეთოს არჩევანი“, – განაცხადა პრემიერმა.

„თავს ვთვლი ვალდებულად … რომ მაქსიმალური ინფორმაცია მივიტანოთ ჩვენს მოსახლეობამდე და ავუხსნათ, რომ აცრა არის უსაფრთხო და ყველა მეცნიერი ჩატარებული ცდებით ამას ადასტურებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“აშშ აცრას სავალდებულოს გახდის, გვინდა თუ არა, ჩვენც მოგვიწევს” — ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი