ახალი ამბები

“აშშ აცრას სავალდებულოს გახდის, გვინდა თუ არა, ჩვენც მოგვიწევს” — ღარიბაშვილი

13 აგვისტო, 2021 • 2487
“აშშ აცრას სავალდებულოს გახდის, გვინდა თუ არა, ჩვენც მოგვიწევს” — ღარიბაშვილი

განახლება, 18:30 — საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას განმარტავს და ამბობს, რომ პრემიერს არ უგულისხმია, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება.


საქართველოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის თქმით, სექტემბრის ბოლოს “ფაიზერის” ვაქცინა ამერიკაში საბოლოოდ დამტკიცდება, რის შემდეგაც მოსალოდნელია, რომ ქვეყანამ აცრა სავალდებულო გახადოს:

“ამერიკის შეერთებული შტატებია ყველაზე ძლიერი ქვეყანა და სექტემბერში საბოლოოდ დაამტკიცებს „ფაიზერის“ ვაქცინას და ზოგადად, გამოაცხადებს, რომ ყველა დონის ავტორიზაცია გაიარა ვაქცინებმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკა საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას.

შესაბამისად, ჩვენ – გვინდა, თუ არ გვინდა – ამის გაკეთება მოგვიწევს. ვინც აცრას არ ჩაიტარებს, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ და ვუყურებთ ამ რეალობას, გარდაცვალება მოგვემატება, ამიტომ, ამისგან თავის დაზღვევის მიზნით, საჭირო არის ძალიან მარტივი აცრის ჩატარება. გვაქვს საკმარისი რაოდენობის ვაქცინები და უნდა ავიცრათ ყველა, დავარწმუნოთ ჩვენი მშობლები, შვილები, ახლობლები, მეგობრები, რომ ყველა ავიცრათ. მე აცრილი ვარ, ჩემი ოჯახის ყველა წევრი აცრილია.

მთავარი არგუმენტი, კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან. რამდენიმე ადამიანი ვიცი ჩემ ირგვლივ, ახლობლები, რომლებიც ძალიან ჯანმრთელები, გარდაიცვალნენ კოვიდის გამო. ისინი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ კოვიდს შეეძლო გამოეწვია მათი სიკვდილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე მოხდა. ამიტომ, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ყველა, რომ ავიცრათ და დავიცვათ ჩვენი თავი, ოჯახის წევრები, ახლობლები და ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამჟამად არსებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო  ვაქცინებს აქვს საგანგებო ვითარებაში გამოყენების ავტორიზაცია, რაც საბოლოო ავტორიზაციას არ ნიშნავს. საბოლოო ავტორიზაცია აღნიშნულთან შედარებით გაცილებით ხანგრძლივი პროცესია.

მთავრობის სტრატკომი სავალდებულო ვაქცინაციაზე პრემიერის განცხადებას განმარტავს

მასალების გადაბეჭდვის წესი