ახალი ამბები | , ,

მთავრობის სტრატკომი სავალდებულო ვაქცინაციაზე პრემიერის განცხადებას განმარტავს

13 აგვისტო, 2021 | | 793
მთავრობის სტრატკომი სავალდებულო ვაქცინაციაზე პრემიერის განცხადებას განმარტავს

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას განმარტავს და ამბობს, რომ პრემიერს არ უგულისხმია, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება.

დღეს ლაგოდეხში ვიზიტისას ირაკლი ღარიბაშვილმა შემდეგი განცხადება გააკეტა – “ამერიკის შეერთებული შტატებია ყველაზე ძლიერი ქვეყანა და სექტემბერში საბოლოოდ დაამტკიცებს „ფაიზერის“ ვაქცინას და ზოგადად, გამოაცხადებს, რომ ყველა დონის ავტორიზაცია გაიარა ვაქცინებმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკა საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას. შესაბამისად, ჩვენ – გვინდა, თუ არ გვინდა – ამის გაკეთება მოგვიწევს”.

გიორგობიანი კი ამბობს, რომ ღარიბაშვილის სიტყვების ინტერპრეტირება იმგვარად, რომ საქართველოში ვაქცინაცია შესაძლოა სავალდებულო გახდეს, უსაფუძვლო და არასწორია და ამაში მედია დაადანაშაულა:

“მედიასაშუალებების გარკვეული ნაწილის მხრიდან არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა პრემიერ-მინისტრის მიერ ლაგოდეხში, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენისას, ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
პრემიერის განცხადების ინტერპრეტაცია იმგვარად, თითქოს ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, აბსოლუტურად უსაფუძვლო და არასწორია”, – ამბობს გიორგობიანი.

გიორგობიანის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი, ყველა საჯარო გამოსვლისას ყურადღებას ამახვილებს აცრის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე პანდემიის დამარცხების პროცესში და ანალოგიური შინაარსის იყო ლაგოდეხში დღეს გაკეთებული განცხადებაც:

“პრემიერ-მინისტრი საუბრობდა სხვა ქვეყნის მაგალითზე, სადაც მსჯელობენ, რომ ვაქცინაცია, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სავალდებულო გახდეს. რაც შეეხება ვალდებულებას, ჩემი აზრით, აცრა თითოეული ჩვენგანის ადამიანური ვალდებულებაა. საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, აცრა გვიცავს სიკვდილისგან”, — ამბობს ნინო გიორგობიანი.

“აშშ აცრას სავალდებულოს გახდის, გვინდა თუ არა, ჩვენც მოგვიწევს” — ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი