ახალი ამბები

იქ კორპუსი აღარ აშენდება — მერის მოადგილე ლორთქიფანიძის ქუჩის ინციდენტზე

13 აგვისტო, 2021 • 1585
იქ კორპუსი აღარ აშენდება — მერის მოადგილე ლორთქიფანიძის ქუჩის ინციდენტზე

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ლორთქიფანიძის ქუჩის #10-ში, სადაც 12 აგვისტოს საღამოს ფერდი ჩამოიშალა, კორპუსი აღარ აშენდება. მისი თქმით, მშენებელი კომპანია უკვე დაჯარიმებულია 30 000 ლარით. რაც შეეხება მშენებლობის ტერიტორიის მიმდებარე კორპუსს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დასძენენ, რომ მისი ფუძე დარღვეულია და შესაბამის სამუშაოებს საჭიროებს.

მერის მოადგილე აღნიშნავს, რომ 13 აგვისტოს დილიდან პროცესში ექსპერტები ჩაერთნენ და “პირველადი ვარაუდით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ აღნიშნული ფერდის ჩამოშლა განპირობებული არის მშენებლობის არასწორი და არათანმიმდევრული პროცესებით…”

“ამის შესაბამისად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დედაქალაქის მერია არ შეეგუება არცერთი ასეთი კომპანიის მიერ [ჩატარებულ] არათანმიმდევრულად ჩატარებულ სამუშაოებს. აღნიშნული საკითხი გადაიგზავნება შესაბამის სამართალდამცავ უწყებებში, საკითხის შემდგომი მოკვლევის მიზნით.

ამასთან, მიმდინარეობს ექსპერტიზა თვითონ ამ პრობლემის დადგენასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მიმდინარეობს, უკვე დაწყებულია პროექტირების ეტაპი, რომლის მიზანიც იქნება არსებული ფერდის გამაგრების და საჭიროების შემთხვევაში, მისი მიმდებარე კორპუსის გამაგრებასთან დაკავშირებული [სამუშაოების ჩატარება].

ხაზგასმით შემიძლია, აღვნიშნო, რომ იქ კორპუსი აღარ აშენდება იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს სამშენებლო პროცესები მიმდინარეობდა. თვითონ ამ ფაქტზეც ჩვენი მუნიციპალური სამსახურის მიერ მოხდენილია შესაბამისი რეაგირება”, — დასძინა მან.

ჟურნალისტმა ბენდელიანს ჰკითხა, “რამდენად საფუძვლიანად და სამართლიანად გაიცა ამ მშენებლობის ნებართვა” და თავიდანვე რატომ არ იქნა საფრთხე გათვალისწინებული.

“როდესაც მშენებელმა კომპანიამ მოგვმართა პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით, მას ახლდა დეტალური გეოლოგიური დასკვნები, რომლის საფუძველზეც ვმსჯელობთ და ვიღებთ გადაწყვეტილებებს მერიაში.

მას შემდეგ, რაც ეს ნებართვა გაიცა, იყო მოსახლეობის მხრიდანაც ცხელ ხაზზე შემოსული ზარები. ასევე, როგორც სხვა მშენებლობებს, ამ მშენებლობასაც ამოწმებდა პერიოდულად მუნიციპალური ინსპექცია.

მას შემდეგ, რაც ამ კონკრეტულ ობიექტზე იყო გარკვეული სახის დარღვევები, მოხდა ამ მშენებლობის შეჩერება, მოეთხოვა ამ კომპანიას ამ ფერდის გამაგრებითი პროექტის წარმოდგენა და ამ პროექტის მიხედვით ჯერ ფერდის გამაგრება, ხოლო შემდგომ — დანარჩენი სამუშაოების გაგრძელება.

თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ კომპანიის მხრიდან არასწორი და არათანმიმდევრული სამუშაოების ჩატარების შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ”, — თქვა საპასუხოდ მერის მოადგილემ.

დღეს მერიაში ასევე ისაუბრეს მშენებლობის ტერიტორიის მიმდებარე კორპუსის საკითხზეც. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლის, ზაზა ყიფიანის თქმით, შენობის კონსტრუქცია უსაფრთხოა, თუმცა მდგომარეობა სხვაგვარია ფუძის შემთხვევაში.

“ის, რაც დღეის მდგომარეობით ვნახეთ ვიზუალურად, კორპუსს რაიმე მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აქვს და უშუალოდ კორპუსის კონსტრუქციას საფრთხე არ ემუქრება.

მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მისი ფუძე, მთის ქანი არის დარღვეული და საფრთხის შემცველია, კორპუსიც, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია.

რა თქმა უნდა, გამაგრება სჭირდება, უბრალოდ, დეტალურად უნდა იქნას გამოკვლეული როგორც კორპუსი, ისე მიმდინარე ფერდი”, — დასძინა მან.

ლორთქიფანიძის ქუჩაზე, სადაც კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობდა, ფერდი 12 აგვისტოს, საღამოს ჩამოიშალა. მშენებლობის ტერიტორიის მიმდებარე კორპუსის მოსახლეობა ბინებიდან გაიყვანეს.

ირაკლი ბენდელიანის სიტყვებით, ამ ადამიანების დროებითი საცხოვრებლის ხარჯებს მუნიციპალიტეტი დაფარავს, ხოლო თავიანთ ბინებს მაშინ დაუბრუნდებიან, როცა მათი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.

გაიგეთ მეტი:

ჩამოშლილი ფერდი ლორთქიფანიძეზე — მერია ხელს მშენებლისკენ იშვერს

მასალების გადაბეჭდვის წესი