ახალი ამბები

ლორთქიფანიძის ქუჩიდან, სადაც ფერდი ჩამოიშალა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება

12 აგვისტო, 2021 • 1424
ლორთქიფანიძის ქუჩიდან, სადაც ფერდი ჩამოიშალა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება

თბილისი მერიის ინფორმაციით, ლორთქიფანიძის ქუჩის N10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება. აღნიშნული კორპუსი იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც ფერდის ნაწილი ჩამოიშალა.

მათივე ცნობით, ადგილობრივ მცხოვრებლებს დედაქალაქის მერია დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს და სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილებს.

როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, ვიდრე სპეციალისტების დასკვნა მომზადდება, მთავარი ამოცანა მოსახლეობის უსაფრთხოებაა.

„პირველი ამოცანაა, მოსახლეობა იყოს უსაფრთხოდ, რეალური საფრთხე არსებობ თუ არა, ამის მიუხედავად. გარკვეული რისკები არსებობს. ამიტომ, 1%-იც რომ იყოს რისკი, ვერავის დავტოვებ იმ 1% რისკის ქვეშ. სასწრაფოდ არის ეს ყველაფერი დასაორგანიზებელი და ამ პროცესში ვართ. მთელი ღამე აქ ვიქნებით, არსად არ მივდივართ. პირველადი მონაცემებით, დაახლოებით 90-მდე ოჯახი ცხოვრობს კორპუსში, ვარკვევთ, რამდენი ოჯახია ადგილზე. მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფრის მობილიზებას, რომ აღნიშნული კორპუსის მოსახლეობა იყოს უსაფრთხოდ.

რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიაზე ვერავინ ვერაფრის მშენებლობას ვერ გააგრძელებს. სამშენებლო პროცესი დაკავშირებული ინება მხოლოდ ფერდის გამაგრებასთან და კორპუსის გამაგრება თუ იქნება საჭირო, მაგასაც გავაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ლორთქიფანიძის ქუჩაზე მუნიციპალიტეტის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურის, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადებიც. დარგის სპეციალისტებმა ფერდის შესწავლა უკვე დაიწყეს, რის შემდეგაც საექსპერტო დასკვნა მომზადდება. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი