ახალი ამბები | , , ,

ჩამოშლილი ფერდი ლორთქიფანიძეზე — მერია ხელს მშენებლისკენ იშვერს

13 აგვისტო, 2021 | | 1817
ჩამოშლილი ფერდი ლორთქიფანიძეზე — მერია ხელს მშენებლისკენ იშვერს

მერიის თანახმად, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობისას მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც ფერდი ჩამოიშალა, მხოლოდ მშენებლის პასუხისმგებლობაა. ქალაქის მთავრობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ნაგებობა აღარ აშენდება, სამუშაოების მწარმოებელი კი დაჯარიმდა.

სამშენებლო მოედნის გარშემო მცხოვრები ადამიანებისთვის პრობლემები ფერდის ჩამოშლის საღამოს არ დაწყებულა. ისინი “ნეტგაზეთს” უყვებიან, რომ აქამდეც არაერთგზის მიუმართავთ მერიისთვის და ინფორმაცია მიუწოდებიათ ადგილზე არსებულ რთულ მდგომარეობაზე, თუმცა, ერთსა და იმავე პასუხს იღებდნენ: მშენებლობის ნებართვა არსებობს, ყველაფერი წესრიგშია.

რა მოხდა/ხდება ლორთქიფანიძის ქუჩაზე?

საბურთალოს რაიონში, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩაზე, 13 აგვისტოს დილიდან უჩვეულო ვითარება იყო. ადგილზე პოლიცია და მაშველები იყვნენ მობილიზებულნი, ადგილობრივთა ნაწილი კი გზის განაპირას იყო შეკრებილი და მსჯელობდნენ, როგორ იმოქმედებენ სამომავლოდ.

ეს ადამიანები ამავე ქუჩის #10-ში, ერთ კორპუსში ცხოვრობენ, თუმცა 12 აგვისტოს საღამოს მომხდარი ინციდენტის შემდეგ იძულებულნი გახდნენ, ბინები დაეტოვებინათ. ახლა შენობაში შესვლა მხოლოდ პირადობის მოწმობებით შეუძლიათ; ისიც იმისთვის, რომ სასურველი ნივთები გამოიტანონ.

მათი ნაწილი მუნიციპალიტეტმა სასტუმროებში გადაიყვანა, ნაწილმა კი, ვისაც წასასვლელი ეგულებოდა, ნათესავების სახლებს მიაშურა.

ლორთქიფანიძის #10-ის მაცხოვრებლები 12 აგვისტოს ინციდენტსა და სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

მომხდარის შედეგები სამანქანო გზიდან ნაკლებად ხილულია, თუმცა ყველაფერი ცხადი ხდება, როცა ნაგებობის შიდა ეზოში გადავინაცვლებთ: სამშენებლო მოედანი და კონკრეტულად ის წერტილი, სადაც ფერდი ჩამოიშალა, კორპუსს ემიჯნება. მიწას თან გაჰყვა სამშენებლო ღობის ნაწილი, რომელიც შენობასა და სამშენებლო ტერიტორიას ერთმანეთისგან ყოფდა.

დღეს იქ აღარავინ მუშაობს. მოედანზე გაჩერებული ტრაქტორი დგას. რკინის ღობეზე განთავსებული აბრის მიხედვით, იგეგმებოდა 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, მიწისქვეშა ავტოსადგომით. დამკვეთად მითითებულია ნაკვეთის მესაკუთრე ტარიელ გიორგაძე, რომელმაც 2020 წლის პირველ ოქტომბერს 60 000 ლარი შესწირა “ქართულ ოცნებას”.

თბილისის მერიის შესაბამისმა უწყებამ სამშენებლო ნებართვა მიმდინარე წლის 27 აპრილს გასცა. ნებართვას ვადა 2024 წლის 27 აპრილამდე ჰქონდა.

სამშენებლო მოედანი ფერდის ჩამოშლის შემდეგ. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“პასუხისგებაში მიეცეს ის, ვინც ეს ნებართვა გასცა”

მიხეილ გაბუნია, რომელიც ლორთქიფანიძის #10-ში მეათე წელია ცხოვრობს, თავის მობილურში თბილისის მერიის ფეისბუქ გვერდთან მიმოწერას გვაჩვენებს.

მშენებლობის პროცესის ამსახველი ვიდეო, რომელიც საკუთარი აივნიდან გადაიღო, ქალაქის მთავრობას ხუთშაბათს, 15:55 საათზე გაუგზავნა: რამდენიმე საათით ადრე, სანამ ფერდი ჩამოიშლებოდა.


“ეს მშენებლობა, ჩვენი კორპუსის ქვედა მხრიდან რომელიც დაიწყო, მიმდინარეობს დაახლოებით 2 თვეა. ამ 2 თვის ნაწილი დრო მოხმარდა იმ ტერიტორიის გაწმენდას.

შემდეგ დაანგრიეს და მაშინ მივხვდით, რომ სავარაუდოდ, კორპუსი უნდა აეშენებინათ, თუმცა, რაღაც პერიოდი გაჩერდა. თითქოს მოგვცეს იმედი, რომ არავითარი კორპუსი, აქ მოედანს და სკვერს გავაკეთებთ ბავშვებისთვისო, მაგრამ ნახეთ, რაც ხდება ქვემოთ”, — დასძენს ის.

ლორთქიფანიძის #10-ში მდებარე კორპუსის უკანა ტერიტორია ახალი კორპუსის მშენებლობის დაწყებამდე. ფოტო თანდართულია მშენებლობის ნებართვის მოთხოვნაზე

როგორც ჰყვება, მერიისთვის აქამდეც არაერთგზის მიუმართავს როგორც მას, ისე მის მეუღლესა და მეზობლებს:

“2 თვეა, ინტენსიურად უკაკუნებენ ჩვენი კორპუსის ძირში არსებულ კლდეს ე.წ. კოდალები. ანგრევდნენ, რათა გაეფართოებინათ მშენებარე კორპუსისთვის საძირკველი, საპარკინგე ადგილი თუ რაც არის.

არაერთი გაფრთხილება იყო ჩემგან, ჩემი ოჯახის წევრებისგან, მეზობლებისგან… მოვიდოდა ხოლმე ზედამხედველობა, იტყოდა, რომ “ყველაფერში წესრიგშია” და მიდიოდნენ.

გუშინაც, დაახლოებით 1 საათით ადრე, სანამ ეს მოხდებოდა, კიდევ ერთხელ გადავუგზავნე ვიდეო, ვაჩვენე, რომ უკვე ძალიან ახლოს, სახიფათო ზონაში იყვნენ შემოსულები.

აი, მართლა, აივნიდან რომ იხედებოდი, გეგონება, შენი სახლის ძირს ანგრევენო. ამ დონეზე იყვნენ მოსულები. დაახლოებით 1 საათში ამას მოჰყვა უზარმაზარი კლდის მასის ჩამოშლა”.

მიხეილ გაბუნია ითხოვს, “პასუხისგებაში მიეცეს ის, ვინც ეს ნებართვა გასცა”.

“იყო ბიძგები, ზანზარებდა კორპუსი” — ფერდის ჩამონგრევამდე

დღეს “ნეტგაზეთს” სხვა ადგილობრივებიც ეუბნებოდნენ, რომ მერიას არაერთგზის შეატყობინეს იმ პრობლემების შესახებ, რომელთაც მშენებლობა ქმნიდა. მათ შორის იყო თამარ ნასყიდაშვილი.

“ვრეკავდით ზედამხედველობის სამსახურში, მოდიოდა და გვეუბნებოდა, რომ ყველაფერი წესრიგშია. როცა დაიწყეს სამუშაო პროცესი, მაშინვე [დავიწყეთ რეკვა]. 3-4-ჯერ მე მაქვს პირადად დარეკილი. ბოლოს უკვე აღარ მოდიოდნენ, გამზადებულ პასუხს გვეუბნებოდნენ, რომ [ყველაფერი წესრიგშია]”.

თამარ ნასყიდაშვილი ჰყვება, რომ კლდის მორღვევის დროს “იყო საშინელი ხმაური და ბიძგები კორპუსში”. მისი სიტყვებით, შენობა ზანზარებდა. ამავეს ამბობს მისი მეზობელი ნინო ტაბატაძე, რომლის თანახმადაც, ადგილობრივები იმთავითვე ეწინააღმდეგებოდნენ მათი საცხოვრებლის მომიჯნავედ ახალი, 8-სართულიანი კორპუსის მშენებლობას:

სამშენებლო მოედანი და ლორთქიფანიძის #10-ში მდებარე კორპუსი ფერდის ჩამოშლის შემდეგ. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“ჩვენი თავდაპირველი მოთხოვნა იყო, რომ ამ ტერიტორიაზე, მით უმეტეს, ქვემოთ, კორპუსი არ აშენებულიყო. ახლა კატეგორიულად უნდა გამოირიცხოს [ამის შესაძლებლობა]. აქ ნორმალური ადამიანი ასეთ მდგომარეობაში ვერ შევა და ვერ იცხოვრებს.

რამდენჯერმე მივმართეთ [მერიას] და [გვპასუხობდნენ], რომ მშენებლობა არის კანონიერი და აქვთ ნებართვები. ხშირად ვრეკავდით, ჯგუფშიც ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ იყო ხმაური, იყო ბიძგები, რამდენჯერმე ლიფტიც კი გაჩერდა ამ ბიძგების გამო, თუმცა რეაგირება აქამდე არ ჰქონიათ”.

კორპუსი აღარ აშენდება, დამნაშავე მშენებელია — მერიის პოზიცია

თბილისის მერიამ 12 აგვისტოს საღამოსვე თქვა, რომ ფერდის ჩამოშლის “სავარაუდო მიზეზი ტერიტორიაზე დაწყებული მშენებლობაა”. მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ახლა უკვე გადაჭრით საუბრობს მშენებლის ბრალეულობაზე, ამბობს, რომ კორპუსი აღარ აშენდება, შესაბამისი კომპანია კი  — 30 000 ლარით დაჯარიმდა.

მერის მოადგილე აღნიშნავს, რომ 13 აგვისტოს დილიდან პროცესში ექსპერტები ჩაერთნენ და “პირველადი ვარაუდით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ფერდის ჩამოშლა განპირობებული არის მშენებლობის არასწორი და არათანმიმდევრული პროცესებით…”

“ამის შესაბამისად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დედაქალაქის მერია არ შეეგუება არცერთი ასეთი კომპანიის მიერ [ჩატარებულ] არათანმიმდევრულად ჩატარებულ სამუშაოებს. აღნიშნული საკითხი გადაიგზავნება შესაბამის სამართალდამცავ უწყებებში, საკითხის შემდგომი მოკვლევის მიზნით.

ამასთან, მიმდინარეობს ექსპერტიზა თვითონ ამ პრობლემის დადგენასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მიმდინარეობს, უკვე დაწყებულია პროექტირების ეტაპი, რომლის მიზანიც იქნება არსებული ფერდის გამაგრების და საჭიროების შემთხვევაში, მისი მიმდებარე კორპუსის გამაგრებასთან დაკავშირებული [სამუშაოების ჩატარება]”, — დასძინა მან.

მშენებლის პასუხისმგებლობაზე დღეს მერიის გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმაც მიანიშნა. მერაბ გაფრინდაშვილის თქმით, ადგილზე “რაიმე სახის მეწყრულ-გრავიტაციული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას ადგილი არასოდეს ჰქონია. რაც გუშინ საღამოს განვითარდა, ეს გამოწვეული იქნა ქვაბულის მოწყობის მიზნით ფერდობის არამართლზომიერად ჩამოჭრით”.

თუ მშენებლობა არათანმიმდევრულად მიმდინარეობდა, რატომ ეუბნებოდა მერია მოსახლეობას, რომ ყველაფერი წესრიგშია? ადგილობრივების უწინდელ საჩივრებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, რომ მშენებელს დარღვევები ჰქონდა დადგენილი.

ირაკლი ბენდელიანი. ფოტო: თბილისის მერია

“მას შემდეგ, რაც ეს ნებართვა გაიცა, იყო მოსახლეობის მხრიდანაც ცხელ ხაზზე შემოსული ზარები. ასევე, როგორც სხვა მშენებლობებს, ამ მშენებლობასაც ამოწმებდა პერიოდულად მუნიციპალური ინსპექცია.

მას შემდეგ, რაც ამ კონკრეტულ ობიექტზე იყო გარკვეული სახის დარღვევები, მოხდა ამ მშენებლობის შეჩერება, მოეთხოვა ამ კომპანიას ამ ფერდის გამაგრებითი პროექტის წარმოდგენა და ამ პროექტის მიხედვით ჯერ ფერდის გამაგრება, ხოლო შემდგომ — დანარჩენი სამუშაოების გაგრძელება”, — დასძენს მერის მოადგილე.

“ნეტგაზეთმა” ადგილობრივებს — მიხეილ გაბუნიასა და თამარ ნასყიდაშვილს — ჰკითხა, თუ ჰქონდათ ინფორმაცია ამის შესახებ. ორივე მათგანი ამბობს, რომ მშენებლისთვის მიცემულ მითითებებზე არაფერი იცოდნენ.

მერიაში აცხადებენ, რომ კომპანიის პასუხისმგებლობა მხოლოდ ჯარიმით არ შემოიფარგლება:

“კომპანიის პასუხისმგებლობა არის და ეს ჩვენი ჩართულობითაც მოხდება, რომ იქ გამოწვეული ზიანი, რაც მოსახლეობას მიადგა და რაც დღეს გვაქვს შედეგი, ეს ყველაფერი იყოს გამოსწორებული”.

მცდელობის მიუხედავად, “ნეტგაზეთმა” ვერ შეძლო დამკვეთთან, ტარიელ გიორგაძესთან დაკავშირება.

რა იქნება შემდეგ?

მერიის თანახმად, 12 აგვისტოს ინციდენტის შემდეგ სამშენებლო მოედნის მომიჯნავე კორპუსი ექსპერტებმა შეამოწმეს.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლის, ზაზა ყიფიანის თქმით, შენობის კონსტრუქცია უსაფრთხოა, თუმცა მდგომარეობა სხვაგვარია ფუძის შემთხვევაში.

“ის, რაც დღეის მდგომარეობით ვნახეთ ვიზუალურად, კორპუსს რაიმე მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აქვს და უშუალოდ კორპუსის კონსტრუქციას საფრთხე არ ემუქრება.

მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მისი ფუძე, მთის ქანი არის დარღვეული და საფრთხის შემცველია, კორპუსიც, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია.

რა თქმა უნდა, გამაგრება სჭირდება, უბრალოდ, დეტალურად უნდა იქნას გამოკვლეული როგორც კორპუსი, ისე მიმდებარე ფერდი”, — დასძინა მან.

მერია ამბობს, რომ კორპუსიდან გაყვანილი მოქალაქეების დროებითი საცხოვრებლის ხარჯებს მუნიციპალიტეტი დაფარავს, ხოლო თავიანთ ბინებს მაშინ დაუბრუნდებიან, როცა მათი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.

ადგილობრივი მცხოვრების, მიხეილ გაბუნიას თქმით, კორპუსის მშენებლობის შეწყვეტა ის მინიმუმია, რაც უნდა გაკეთებულიყო. მისი თქმით, აუცილებელია შესაბამისი კომპენსაციებიც.

“ქონება რაც ღირდა აქამდე, იმის ნახევარი ფასიც აღარ ღირს და მე რაში მჭირდება ასეთი ქონება… მე არანაირად არ მაწყობს, გამაგრებულ კორპუსში, მთელი ცხოვრება შიშში ვიცხოვრო, რომ პატარა მიწისძვრაზე რამე არ მოხდეს და რამე არ მოუვიდეს. აგვინაზღაურონ, ვისაც რა გვაქვს ჩვენი ქონება”.

მისი პოზიციაა, რომ შეწყვეტილი მშენებლობის ადგილას სარეკრეაციო ზონა — სათამაშო მოედნები, სკვერი — უნდა მოეწყოს. ამის სურვილი ადგილობრივთა მხრიდან აქამდეც გამოთქმულა, თუმცა ის სურვილად დარჩა. ბუნდოვანია, ამის შემდეგ როგორ გადაწყდება აღნიშნული ტერიტორიის ბედი.

მასალების გადაბეჭდვის წესი