გართულებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, ქვეყანაში ახალი შეზღუდვები წესდება. მთავრობის ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად 00:00 საათისა, 23:00 საათამდე იქნება დასაშვები, ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა კი შეიზღუდება.
ამასთან, ახალი რეგულაციების ფარგლებში, სრულიად იზღუდება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომლებიც იმართება საერთაშორისო ეგიდით.
მთავრობამ საჯარო და კერძო სექტორს თანამშრომლების მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდა.
“საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მივმართავთ კერძო სექტორს” ,– განაცხადეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.