ახალი ამბები

უნდა გაკეთდეს საველე ჰოსპიტლები, სხვა გამოსავალი არაა – ენდელაძე

12 აგვისტო, 2021 • 2355
უნდა გაკეთდეს საველე ჰოსპიტლები, სხვა გამოსავალი არაა – ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოექსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლები აუცილებელია.

ჟურნალისტებთან საუბარში ის განმარტავს, რომ სამედიცინო სექტორი უკვე კრიზისულ მდგომარეობაშია.

„როცა უკვე საველე ჰოსპიტლებზეა ლაპარაკი, გასაგებია, რა დღეშია ჰოსპიტალური სექტორი. უნდა გაკეთდეს ეს, სხვა გამოსავალი არა აქვს ჯანდაცვის სისტემას. გვიწევს გადარჩევა პაციენტების, როდესაც უკვე ლაბორატორიული მონაცემები იწყებს გაუმჯობესებას, ჩვენ იძულებული ვართ გავწეროთ პაციენტები და დავაწვინოთ ახალი. თუმცა, ესეც არ არის უკვე საკმარისი, როდესაც ამდენია დაინფიცირებული“, – ამბობს ის.

ენდელაძის თქმითვე, ამგვარ ეპიდვითარებაში ყველამ უნდა ატაროს პირბადე და დაიცვას დისტანცია – „უნდა ვიყოთ აუცილებლად დისტანციით ერთმანეთთან და ძალიან აუცილებელია თავშეყრის ადგილების ამ ეტაპზე არარსებობა“

საქართველოში დღეს კორონავირუსის 5 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი