ახალი ამბები

ფეისბუკმა რუსეთთან დაკავშირებული ანტივაქსერული დეზინფორმაციის ქსელი წაშალა

11 აგვისტო, 2021 • 1410
ფეისბუკმა რუსეთთან დაკავშირებული ანტივაქსერული დეზინფორმაციის ქსელი წაშალა

ფეისბუკი აცხადებს, რომ წაშალა ასობით ანგარიში, რომლებიც ანტივაქსერული დეზინფორმაციის კამპანიაში იყვნენ ჩართულები და რუსეთიდან ოპერირებდნენ.

ორგანიზაციის განცხადებით, წაშლილი ანგარიშების ქსელს მიზანში ჰქონდა ამოღებული ინდოეთი, ლათინური ამერიკა და შეერთებული შტატები.

ქსელი ცდილობდა, „ინფლუენსერები“, ან სოციალურ ქსელებში გავლენის მქონე ადამიანები, „გადაებირებინა“ და მათ ცრუ ინფორმაცია გაევრცელებინათ, რათა შესუსტებულიყო საზოგადოების ნდობა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით.

ანგარიშში, სახელად „კოორდინირებული არაავთენტური ქცევა“, ფეისბუკი წერს, რომ აღმოაჩინა კავშირები აღნიშნულ ქსელსა და მარკეტინგულ სააგენტო Fazze-ს შორის. ეს უკანასკნელი კი რუსეთში დაფუძნებული კომპანია AdNow-ს ნაწილია.

2021 წლის ივლისში BBC-ის გამოძიებამ უჩვენა, რომ Fazze ინფლუენსერებს თანხას სთავაზობდა, რომ მათ დეზინფორმაცია გაევრცელებინათ ფაიზერის ვაქცინაზე.

როიტერსის თანახმად, აღნიშნული ქსელის შექმნა 2020 წელს დაიწყო, როდესაც ყალბი ანგარიშების დიდი რაოდენობით შექმნა დაიწყეს ბანგლადეშსა და პაკისტანში. ქსელის წევრები ნოემბერსა და დეკემბერში პოსტავდნენ „მიმებსა“ და კომენტარებს, თითქოს ასტრაზენეკას ვაქცინა ადამიანებს „შიმპანზეებად აქცევდა“, და ხშირად იყენებდნენ სცენებს 1968 წლის ფილმ „მაიმუნების პლანეტიდან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი