ახალი ამბები

“პროკურატურამ აქტივისტებს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა” – “სირცხვილია”

10 აგვისტო, 2021 • 1050
“პროკურატურამ აქტივისტებს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა” – “სირცხვილია”

“მოძრაობა” სირცხვილიას განცხადებით, პროკურატურამ 5 ივლისის საქმეზე მათ აქტივისტებს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა.

მოძრაობის განცხადებით, 5 ივლისს, “სირცხვილიას” ოფისზე თავდასხმის მომენტში მარიამ დოლიძე, ზუკა ბერძენიშვილი, სალომე ბარკერი და გიგა მაქარაშვილი ოფისში იყვნენ, როდესაც ძალადობრივი ჯგუფის წევრები, მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის პარალელურად, კარის შემტვრევასა და ოფისში შეღწევას ცდილობდნენ.

“სირცხვილიას” თქმით, პროკურორმა უარი შემდეგნაირად დაასაბუთა: “საქმეში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად არ დასტურდება, რომ უშუალოდ აღნიშნული პირები [სირცხვილიას წევრები] წარმოადგენდნენ დანაშაულებრივი ქმედებების ადრესატებს”.

“პროკურორის უარი 5 ივლისის საქმეში “სირცხვილიას” წევრების ინტერესების უგულებელყოფის პირველი ფაქტი არ არის. ოფისზე თავდასხმის შემდეგ, გამოძიება აქტივისტების ჩვენებით არც კი დაინტერესებულა. მარიამ დოლიძის, ზუკა ბერძენიშვილის, სალომე ბარკერისა და გიგა მაქარაშვილის გამოკითხვა მხოლოდ მათი წერილობითი მოთხოვნის შემდეგ მოხდა”, – ნათქვამია “სირცხვილიას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები საპატრიარქოს ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი