საქართველოს უცნაური და არშემდგარი მისია

მაშინ, როცა უკრაინაში ჩასული საპრეზიდენტო არჩევნების დამკვირვებლების საერთო რაოდენობა სხვადასხვა ქვეყნიდან 276, ხოლო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან სულ 2.873     ადამიანს შეადგენდა, საქართველოდან მისავლინებელი დამკვირვებლების რიცხვი სხვადასხვა მონაცემით 1055-დან 2500-მდე მერყეობს.

მაშინ, როცა უკრაინაში ჩასული საპრეზიდენტო არჩევნების დამკვირვებლების საერთო რაოდენობა სხვადასხვა ქვეყნიდან 276, ხოლო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან სულ 2.873     ადამიანს შეადგენდა, საქართველოდან მისავლინებელი დამკვირვებლების რიცხვი სხვადასხვა მონაცემით 1055-დან 2500-მდე მერყეობს.

საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება იმის თაობაზე თუ რამდენი დამკვირვებელი წავიდა საქართველოდან უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე, არ გაუკეთებია. პოლიტიკოსები და მედია საშუალებები კი სხვადასხვა ციფრს ასახელებენ.

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განგვიცხადეს, რომ მათ მხოლოდ ცხრა დამკვირვებელი ჰყავდათ გაგზავნილი. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის თანამშრომელი, ბაკურ კვარაცხელია ამბობს, რომ არ მიუღია მონაწილეობა დამკვირვებლების გაგზავნის ორგანიზებაში და, შესაბამისად, არ აქვს ინფორმაცია ქართველი დამკვირვებლების ზუსტ რაოდენობაზე. აჭარის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პეტრე ზამბახიძე კი ამბობს, რომ უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აჭარიდან 15-17 დამკვირვებლის მონაცემები გაუგზავნეს.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული დამკვირვებლების რაოდენობა და ასევე სხვადასხვა ორგანიზაციიდან ჩასული ადამიანების რიცხვი.

ოფიციალურ მონაცემებში საქართველო არ ფიქსირდება, რადგან ქართველ დამკვირვებლებს უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი განუცხადა დაკვირვების უფლებაზე.

თუმცა, ქართველი დამკვირვებლების სიები, ქართულ, რუსულ თუ უკრაინულ ფორუმებზე ვრცელდებოდა. ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი სწორედ ინტერნეტში გავრცელებული სიებით ხელმძღვანელობს.

სოზარ სუბარი, ალიანსი საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, დამკვირვებელთა სიაში იყვნენ სხვადასხვა თანამდებობის ადამიანები, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი ირაკლი ანდრონიკაშვილი, დათა ახალაი, ამავე სამსახურის ყოფილი უფროსი, ლევან დუჩიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში, ნაციონალური მოძრაობის წევრი ბაკურ კორნილოვი და გუბერნატორი ზაზა გოროზია.

 თუმცა, ოფიციალური ინფორმაცია იმის თაობაზე, იყვნენ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები ქართველ დამკვირვებელთა სიაში, არ არსებობს. ერთადერთი ოფიციალური პირი, რომელიც უკრაინაში იყო ჩასული და აქტიურად იყო ჩართული ქართველი დამკვირვებლების არჩევნებზე დაშვების საქმეში, პარლამენტის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გივი თარგამაძეა. მისი თქმით, ქართულმა მხარემ უკრაინის სასამართლოს მიმართა თხოვნით, დაევალდებულებინა უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია, დაეშვათ ქართველი დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე. ამის მიუხედავად, უკრაინის არჩევნების პირველ ტურზე ქართველი დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე არ იქნენ დაშვებულები.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს ქართველი დამკვირვებლების გარკვეული რაოდენობა დააკვირდა. არჩევნებს აკვირდებოდა ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები”.  26 ადამიანი ამ ორგანიზაციიდან 14 იანვარს ჩავიდა უკრაინაში და დააკვირდა კიდეც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს.

“სამართლიანი არჩევნები“ ერთ-ერთი წევრია ორგანიზაციისა ENEM0-ს (არჩევნების მონიტორინგის ევროპული ქსელი). მასში დაახლოებით 20 სახელმწიფოა გაერთიანებული, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა. “სამართლიანი არჩევნების” პრეს-სამსახურის უფროსი, ნინო დოლიძე ამბობს, რომ ისინი ხშირად დადიან სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნების დასაკვირვებლად. და უკრაინაშიც სწორედ ENEMO-ს ეგიდით იყვნენ წასულები.

„როდესაც აეროპორტში ჩავიდნენ (დამკირვებლები) იქ უკვე გაფრთხილებულები იყვნენ, რომ ქართველები არიან, მაგრამ ენემოს მისიით და ისინი არ შეეფერხებინათ. ჩვენები იყვნენ დნეპროპეტროვსკში და განსაკუთრებულ დარღვევებს ადგილი არ ქონიათ.”
დოლიძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, საქართველოდან 2000-მდე ადამიანს ჰქონდა წარდგენილი საკუთარი კანდიდატურა არჩევნების დამკვირვებლად.

სამართლიანი არჩევნებისგან განსხვავებით პეტრე ზამბახიძემ ვერ მოახერხა უკრაინაში წასვლა, რადგან მას უარი უთხრეს დამკვირვებლად დარეგისტრირებაზე.     

„არ დაგვარეგისტრირეს და არ წავედით. იქაურმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, არ მისცა ქართველ დამკვირვებლებს საშუალება დარეგისტრირებულიყვნენ დროულად. ვინც არ დარეგისტრირებულა არ გამგზავრებულა“, _ ამბობს ზამბახიძე.

მისივე თქმით, წასვლის სურვილი ბევრს ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ გამოცდილი დამკვირვებლების მონაცემები გაიგზავნა უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მიუხედავად გამოცდილებისა, ზამბახიძეს არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, დაშვებულია თუ არა უკრაინის საარჩევნო უბნებში ვიდეო გადაღება.

„მე მაქვს საარჩევნო კანონის ეს ვარიანტი, მაგრამ ამ ნაწილში ბოლომდე არ ჩავსულვარ… დღეს სხდომა მაქვს და თუ გინათ ორშაბათისთვის გეტყვით“, _ ამბობს ზამბახიძე.

მიუიხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტი, 96 დამკვირვებელი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე პოლონეთს ჰყავდა გაგზავნილი, ზამბახიძის აზრით, ქართველი დამკვირვებლების რაოდენობა, რაც უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარედგინა, არ იყო ბევრი.

„რაოდენობას რაც შეეხება ვიტყვი, რომ იყო ამაზე ამბავი ატეხილი… აქ ერთი შეეშალა ყველას, რა თქმა უნდა, თქვენთვის ეს გასაკვირია, 2000 კაცი მიდის უკრაინაში და ეს რა ამბავია… უკრაინაში 15 თუ 20 ათასი საარჩევნო უბანია, აქედან გამომდინარე ის რაოდენობა, რაც ჩადიოდა (ქართველი დამკვირვებლების) ვერ ფარავდა  ათ პროცენტსაც კი, საერთო საარჩევნო უბნებიდან.”

პეტრე ზამბახიძის თქმით, აჭარის უმაღლესი საბჭოდან მივლინებულ  თითო დამკვირვებელს 1000 ლარამდე სამივლინებო თანხა დაერიცხა. ამ თანხაში თვითმფრინავით მგზავრობა, 3-4 დღით სასტუმროში გაჩერება და კვება შედიოდა.

ქართველი დამკვირვებლების მივლინების ხარჯები უკრაინაში მარტივი გამოსათვლელია: თბილისიდან უკრაინაში თვითმფრინავის ბილეთის ღირებულება (ორივე გზა) 560 ლარია, საშუალო ტიპის სასტუმროში ერთი ღამით გაჩერება 130-160 ლარამდე ჯდება, ელემენტარული კვებისთვის კი 30 ლარი ავიღოთ. საერთო ჯამში 2000 დამკვირვებლის ჩასვლა უკრაინაში 2 მილიონ 340 ათასი ლარი დაჯდებოდა.  
 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დათო ყანჩაშვილი