ახალი ამბები

ყოფილ მედძმას, რომელიც FB-ზე ანტივაქსერულ განცხადებებს ავრცელებდა, კლინიკა უჩივის

10 აგვისტო, 2021 • 2647
ყოფილ მედძმას, რომელიც FB-ზე ანტივაქსერულ განცხადებებს ავრცელებდა, კლინიკა უჩივის

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა ყოფილ მედძმას, რომელიც ვაქცინაციის საწინააღმდეგო განცხადებებს ავრცელებდა, რეპუტაციული ზიანისა და ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი განცხადებების გამო სასამართლოში უჩივლა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი უკვე წელიწადზე მეტია, კოვიდინფექციის მართვაშია ჩართული და 24-საათიან რეჟიმში იბრძვის მძიმე პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად. განცხადების ავტორების თქმით, ჰოსპიტალი, რომელიც პერსონალისა და პაციენტების ჯანმრთელობისა თუ სიცოცხლის დაცვის მიზნით აქტიურად უჭერს მხარს ვაქცინაციას, კატეგორიულად ემიჯნება ყველა ანტივაქსერულ კამპანიას, მით უმეტეს, თუ მსგავსი აქტივობა მედპერსონალის მხრიდან ხორციელდება:

“როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ჰოსპიტლის უკვე ყოფილი მედძმის მხრიდან დაფიქსირდა დამსაქმებლის რეპუტაციის/იმიჯის დაკნინება და იმ კოლეგების ღირსების შელახვა, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთ გამართლებულ გზად ვაქცინაციას მიიჩნევენ. ამასთანავე, აღნიშნულმა პირმა ვიდეომიმართვა კომპანიის სახელისა და ლოგოს გამოყენებით გაავრცელა, რამაც შექმნა ცრუ წარმოდგენა, რომ დასაქმებულის მიერ კომპანიის პოზიცია გაჟღერდა. ეს წარმოადგენს პერსონალის, პაციენტებისა და მესამე პირთა შეცდომაში შეყვანას”, – აცხადებენ კლინიკაში.

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის განცხადებით, ადმინისტრაციამ უკვე მიმართა სასამართლოს სარჩელით, რომლის ფარგლებშიც მოთხოვნილია აღნიშნული პირის განცხადებაში არსებული მცდარი და მიზანმიმართულად დამახინჯებული ფაქტების სიცრუედ და ცილისწამებად აღიარება.

ამასთან, კლინიკაში აღნიშნავენ, რომ გასათვალისწინებელია, რომ კომპანიის სახელით გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადებები არა მხოლოდ რეპუტაციულ ზიანს აყენებს ჰოსპიტალს, არამედ საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ვინაიდან სამედიცინო დაწესებულების სახელით გახმიანებული ინფორმაცია საზოგადოებაში სარგებლობს მეტი ნდობით და, შესაბამისად, საჭიროებს ჰოსპიტლის მყისიერ რეაგირებას:

“აქვე აღსანიშნავია, რომ საკითხის შესწავლის მიზნით სამედიცინო ცენტრი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსაც მიმართავს, ვინაიდან გავრცელებულ ვიდეოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტი იკვეთება.

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცნობიერებს სამედიცინო დაწესებულებების როლს ვაქცინის მიმართ საზოგადოების ნდობის გამყარებაში და მიიჩნევს, რომ მოსახლეობაში სწორედ მედპერსონალი ამაღლებს სანდოობას ვაქცინაციისადმი” ,- ნათქვამია განცხადებაში.

ბოკერიას სახელობის კლინიკაში აცხადებენ, რომ ყველა საერთაშორისო კვლევის თანახმად სწორედ იმუნიზაციაა გამართლებული და ერთადერთი ეფექტიანი გზა პანდემიის შესაჩერებლად და ხაზს უსვამენ, რომ ბოლო სტატისტიკაზე დაყრდნობით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა 99,7 % არ იყო აცრილი.

ჰოსპიტლის ადმინისტრაცია მოუწოდებს ვაქცინაციისკენ სრულიად საქართველოს მოსახლეობას.

ვაქცინაციის როლი COVID-ით გარდაცვალების შემთხვევების შემცირებაში

მასალების გადაბეჭდვის წესი