ახალი ამბები

საქართველომ ტოკიოს ოლიმპიადა 8 მედლით და 33-ე ადგილით დაასრულა

8 აგვისტო, 2021 • 2977
საქართველომ ტოკიოს ოლიმპიადა 8 მედლით და 33-ე ადგილით დაასრულა

ტოკიოში ზაფხულის XXXII-ე ოლიმპიური თამაშების ოფიციალური დახურვის ცერემონია გაიმართა. საქართველოს დროშა დახურვის ცერემონიაზე კარატისტმა გოგიტა არქანიამ გამოიტანა, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე გუშინ იასპარეზა და მე-5 ადგილი დაიკავა.

საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა, რომელიც 34 სპორტსმენისგან შედგებოდა, ტოკიოში 8 მედალი მოიპოვა – 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
საქართველო ოლიმპიადაზე მონაწილე 205 ქვეყანას შორის, ოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში 33-ე ადგილზე გავიდა.

მას შემდეგ რაც,  საქართველო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით ასპარეზობს (ატლანტა 1996-დან), ამდენი მედალი ჩვენს ოლიმპიურ გუნდს არასდროს მოუპოვებია. 7-7 მედალი გვქონდა პეკინსა (2008 წ) და რიო დე ჟანეიროში (2016), ასე რომ, შედეგი ერთი მედლით გაუმჯობესდა.

ჩვენთვის პეკინის ოლიმპიადა ოქროების რაოდენობით საუკეთესოდ რჩება – ჩინეთის დედაქალაქში 2008 წელს სამი ოქროს მედალი მოვიპოვეთ. ტოკიოში საქართველოს ოლიმპიურის გუნდის სპორტსმენებმა 5 ფინალი და ბრინჯაოს მედლისთვის გამართული 5 ორთაბრძოლა დათმეს.

ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე. 21 წლის ბექაურისთვის ეს პირველი ოლიმპიური ოქროა, ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, რაც პირველად მოხდა დამოუკიდებელი საქართველოს სახელით. ამასთან, ლაშა მესამე ქართველი სპორტსმენია, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. აქამდე ამის გაკეთება ორჯერ ლევან თედიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) და სამჯერ ვიქტორ სანეევმა (მძლეოსნობა, სამხტომი) შეძლეს.

ტოკიოში ვერცხლის პრიზიორები გახდნენ – ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, 66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, 73 კგ), გურამ თუშიშვილი (ძიუდო, +100 კგ), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 130 კგ) და გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ). ბრინჯაოს მედალი კი ანატოლი პლესნოიმ (ძალოსნობა, 96 კგ) მოიპოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი