ახალი ამბები

თარიღებით სპეკულირება სირცხვილია, 8 აგვისტოს აღნიშვნა დამკვიდრებული პრაქტიკაა – ღარიბაშვილი

8 აგვისტო, 2021 • 1552
თარიღებით სპეკულირება სირცხვილია, 8 აგვისტოს აღნიშვნა დამკვიდრებული პრაქტიკაა – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომს წინა ხელისუფლება ყოველთვის 8 აგვისტოს აღნიშნავდა. ასე უპასუხა მან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე  “მთავარი არხის” ჟურნალისტის კითხვას, ომი 7 აგვისტოს დაიწყო თუ 8 აგვისტოს, რადგან პრემიერი 7 აგვისტოს არ გამოჩენილა.

ღარიბაშვილის თქმით, ეს თარიღებით სპეკულაციაა.

“დიახ, მასწავლებელო გიპასუხებთ ახლავე. ასეთი გონორით ნუ ლაპარაკობთ აქ, თქვენ აქ გმირი ოჯახების წინაშე ხართ. ერთი რამ მინდა გითხრათ, ამ თარიღებით სპეკულირება არის სირცხვილი, ფაქტებზე და შედეგებზე ილაპარაკეთ. შედეგი კი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული და აღიარებულია რუსეთის მიერ. შესაბამისად, ამაზე ვილაპარაკოთ და იმაზე ვიფიქროთ, როგორ დავძლიოთ დეოკუპაცია.

თქვენი ხელისუფლება, სააკაშვილის, თქვენი ლიდერის, მფლობელის და მაკონტროლებელის ხელისუფლება ყოველთვის 8 აგვისტოს აღნიშნავდა, ეს იყო ასე ვთქვათ, დამკვიდრებული პრაქტიკა და ტრადიცია. შესაბამისად, მე გთხოვთ, რომ ისეთი თემები როგორიც არის ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა, ომი, ტრაგედია, ამ ერთ დღეს მაინც შეწყვიტეთ ეს პოლიტიკური სპეკულაციები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

7 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მშობლიურ სოფელ არხილოსკალოში ჩავიდა, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონს დახვედრა მოუწყვეს. კადრებში, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ ღარიბაშვილი ხალხმრავალ სუფრასთან ზის.

ეს იმ ფონზე, როცა თავად ღარიბაშვილი, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები და მთავრობის წარმომადგენლები მოსახლეობას არაერთგზის მოუწოდებენ, გართულებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ ხალხმრავალ თავყრილობებში მონაწილეობისგან, როგორებიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ.

ამასთან, მთავრობამ 3 აგვისტოს გამოაცხადა, რომ “გამკაცრდება მოქმედი რეგულაციების აღსრულების კონტროლი, მათ შორისაა სოციალური ღონისძიებების – ქორწილის, ქელეხის, თუ სხვადასხვა სახის წვეულების გამართვა, რომლებიც მთავრობის დადგენილებით აკრძალულია”.


წელს 13 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვისტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამჟამად რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი