ახალი ამბები

მოვუწოდებთ შრომის ინსპექციას, „თბილსერვისი“ შეამოწმოს – სოც. სამართლიანობის ცენტრი

6 აგვისტო, 2021 • 1107
მოვუწოდებთ შრომის ინსპექციას, „თბილსერვისი“ შეამოწმოს – სოც. სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობას უცხადებს „თბილსერვის ჯგუფში” დასაქმებულთა აქციას და მოუწოდებს შრომის ინსპექციას, კომპანია შეამოწმოს, მერიას კი- აღმოფხვრას შრომითი უფლებების დარღვევები.

ორგანიზაცია წერს, რომ „თბილსერვისის“ თანამშრომელთა განცხადებებში იკვეთება შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების არაერთი მძიმე დარღვევა, მათ შორის, ამორტიზებული ტექნიკითა და შეუსაბამო ეკიპირებით აღჭურვის პრობლემა.

ამასთან, თბილსერვისში დასაქმებულები აცხადებენ, რომ გაუმართავი ტექნიკა და არასათანადო ეკიპირება არაერთხელ გამხდარა საგანგაშო ინციდენტების მიზეზი, თუმცა კომპანია ამ მხრივ რესურსების გამოყოფაზე წლებია უარს აცხადებს.

„Სოციალური სამართლიანობის ცენტრი მხარდაჭერას უცხადებს “თბილსერვისში” დასაქმებულებს და მოუწოდებს თბილისის მერიასა და მის დაქვემდებარებაში მყოფ კომპანიას, დროულად შეასრულონ თანამშრომლების სამართლიანი მოთხოვნები, აღმოფხვრან კომპანიაში არსებული შრომითი უფლებების დარღვევები და დაუყონებლივ უზრუნველყონ დასაქმებულების სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

Სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს შრომის ინსპექციას, დაუყოვნებლივ შეისწავლოს კომპანიაში შრომითი უფლებების და შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევების შესაძლო ფაქტები და მიიღოს სათანადო ზომები შრომის კანონმდებლობასთან შეუთავსებელი პრაქტიკების აღმოსაფხვრელად,“ – წერია განცხადებაში. მისი სრული ტექსტი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.


დედაქალაქის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები დღეს გაიფიცნენ. ისინი ხელფასების მომატებამდე უარს ამბობენ თბილისის ქუჩებიდან ნაგვის გატანაზე.

დასაქმებულებს ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ:

  1. ძველ სამუშაო რეჟიმში დაბრუნება;
  2. ხელფასების 50%-იანი მატება.

მემანქანეები და ნაგვის გამტანები დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სათავო ოფისთან შეიკრიბნენ და მუშაობაზე უარი თქვეს, სანამ მათი მოთხოვები არ დაკმაყოფილდება. გაფიცვიდან რამდენიმე საათში მერიამ განაცხადა, რომ გაფიცულ თანამშრომლების ნაწილთან შეთანხმებას მიაღწიეს და მათ გაფიცვა შეწყვიტეს. 

მათი დამსაქმებელია შპს „თბილსერვის ჯგუფი“, რომლის 100%-იანი წილი სახელმწიფოს, კერძოდ კი, თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. „თბილსერვის ჯგუფი“ არის კომპანია, რომელსაც თბილისის მასშტაბით ევალება ქუჩების დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების მართვა, ასევე, სადრენაჟო ქსელების მოვლა-პატრონობა და ა.შ.

წაიკითხეთ ვრცლად:

რას ითხოვენ დასუფთავების სამსახურის გაფიცული მუშები – რეპორტაჟი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი