ახალი ამბები

მერია: “თბილსერვისის” თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა

6 აგვისტო, 2021 • 1494
მერია: “თბილსერვისის” თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა

თბილისის მერიის ინფორმაციით, “თბილსერვის ჯგუფის” გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა და სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა. მერია აცხადებს, რომ გაფიცულების ნაწილმა ეს გადაწყვეტილება “თბილსერვისის ხელმძღვანელთან და მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

“შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ მოთხოვნათა დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, კერძოდ, უნიფორმების და სპეცტექნიკის განახლების მიმართულებით გადადგმულია ნაბიჯები. ასევე, გასული წლის დეკემბრიდან მოხდა „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა ხელფასების 20%-იანი ზრდა”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ამასთან, მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ახალი სპეცტექნიკის შესაძენად გამოყოფილი აქვს სესხი და რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების ტენდერი ახლო მომავალში გამოცხადდება.

დედაქალაქის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები დღეს გაიფიცნენ. ისინი ხელფასების მომატებამდე უარს ამბობენ თბილისის ქუჩებიდან ნაგვის გატანაზე.

მემანქანეები და ნაგვის გამტანები დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სათავო ოფისთან შეიკრიბნენ და მუშაობაზე უარი თქვეს, სანამ მათი მოთხოვები არ დაკმაყოფილდება. ისინი თბილისის მერის, კახი კალაძის ადგილზე მისვლასაც ითხოვდნენ.

მათი დამსაქმებელია შპს „თბილსერვის ჯგუფი“, რომლის 100%-იანი წილი სახელმწიფოს, კერძოდ კი, თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. „თბილსერვის ჯგუფი“ არის კომპანია, რომელსაც თბილისის მასშტაბით ევალება ქუჩების დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების მართვა, ასევე, სადრენაჟო ქსელების მოვლა-პატრონობა და ა.შ.

ამ თემაზე ნახეთ ვრცლად:

რას ითხოვენ დასუფთავების სამსახურის გაფიცული მუშები – რეპორტაჟი

მასალების გადაბეჭდვის წესი