ახალი ამბები

გამოსავალი პროდასავლური ძალების გაერთიანებაა – ხაზარაძე

6 აგვისტო, 2021 •
გამოსავალი პროდასავლური ძალების გაერთიანებაა – ხაზარაძე

“ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკა ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებისკენაა მიმართული და აქედან გამოსავალია ყველა პროდასავლური ძალის გაერთიანება. ამის შესახებ ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ქართული ოცნების” პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებისკენ, ამას ორი წინაპირობა აქვს – ბიძინა ივანიშვილის პირადი ვალდებულებები რუსეთთან და “ოცნების” დაუოკებელი სურვილი ხელისუფლების შენარჩუნების, თუნდაც ეს ქვეყნის ევროატლანიკურ კურსს ეწინააღმდეგებოდეს…

სად არის გამოსავალი? “ოცნების” ადგილობრივ არჩევნებში დამარცხება, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა 2022 ში, ყველა პროდასავლური ძალის გაერთიანება. დროა საზოგადოების სრული მობილიზების და გაერთიანების!” – წერს ხაზარაძე.

ოქტომებრში გაგეგმიილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო კანდიდატების მხარდაჭერაზე ენმ, “ევროპული საქართველო”, “გირჩი — მეტი თავისუფლება” და სამოქალაქო მოძრაობა “დროა” შეთანხმდნენ, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება. ვიცე-მერობის კანდიდატს კი, ნიკა მელიას თქმით, “გირჩი — მეტი თავისუფლება” წარმოადგენს. ჯერჯერობით “ლელოს” საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია თბილისის მერის არჩევნებთან დაკავშირებით.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თქმით, მოსკოვი მზადაა, საქართველოსთან ურთიერთობები იმ დონეზე აღადგინოს, “რა დონეზეც ამისთვის ქართული მხარე იქნება მზად”. აღნიშნულის შესახებ ალექსანდრ ბიკანტოვმა 5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ მზად ვართ, აღვადგინოთ ურთიერთობები ჩვენს სახელმწიფოებს შორის [იმ დონეზე, რა დონეზეც] ამისთვის ქართული მხარე იქნება მზად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გაიმარჯვებს საღი აზრი და ჩვენი ქართველი პარტნიორები დაიწყებენ ურთიერთობების დამყარებას მეზობლებთან, მიიღებენ მხედველობაში ინტერესთა ბალანსს”, — ციტირებს მას “რია ნოვოსტი”.

მან აგვისტოს ომის მე-13 წლისთავზეც ისაუბრა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება კი “კრიმინალურ რეჟიმად” მოიხსენია.

“რუსეთს არასდროს გაუიგივებია ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმთან”, — დასძინა მან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთი საგარეო უწყებას პასუხობს და ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მომავალი საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში პატივისცემაზე გადის.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, თუკი რაიმე ეწინააღმდეგება საქართველოსა და რუსეთს შორის თანასწორ და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, ესაა თავად რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, მის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ურღვევობის შელახვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი