ახალი ამბები

რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობები ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციაზე გადის – საგარეო

6 აგვისტო, 2021 • 761
რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობები ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციაზე გადის – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთი საგარეო უწყებას პასუხობს და ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მომავალი საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში პატივისცემაზე გადის.

“საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მე-13 წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი შეეცადა მორიგი დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული ნარატივის შეთხზვას ე.წ. ახალი რეალობისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ.

რუსეთის მხარეს შევახსენებთ, რომ არ არსებობს არანაირი პარალელური რეალობა, საერთაშორისო თანამეგობრობა და საერთაშორისო სამართალი ერთიანია რუსეთის აგრესიული ქმედებების, ოკუპაციისა და დე ფაქტო ანექსიის პროცესის პირისპირ. წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავისი სახელი დაარქვა 2008 წლის აგვისტოს ომს და დაადგინა სამართლებრივი ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც საოკუპაციო ძალა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფო, პასუხისმგებელია უშუალოდ ომის დროს და ოკუპაციის შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა ეთნიკური წმენდის განხორციელებაში და ხაზი გაუსვა მოსკოვის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის მიერ დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების  შეუსრულებლობას”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, თუკი რაიმე ეწინააღმდეგება საქართველოსა და რუსეთს შორის თანასწორ და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, ესაა თავად რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, მის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ურღვევობის შელახვა.

“ამ ფონზე, ცინიკური და სრულიად მიუღებელია სოციალურ მედიაში რუსეთის საგარეო უწყების მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოქვეყნებული კომენტარი, რადგან რუსეთმა სწორედ ამ შეთანხმების დარღვევით დაიწყო საქართველოს ტერიტორიების ანექსია, სამხრეთ კავკასიაში მიწების მიტაცება და სამწუხაროა, რომ საუკუნეების შემდეგაც რუსეთის მიზნად სხვისი ტერიტორიების ანექსია რჩება.

თანამედროვე მსოფლიოში, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებზე დგას, დღეს არავინ შეეგუება რუსეთის მიერ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის მორყევასა და ევროპაში სუვერენული სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების მცდელობას ისევე, როგორც ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას მოსკოვის მიერ”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თქმით, მოსკოვი მზადაა, საქართველოსთან ურთიერთობები იმ დონეზე აღადგინოს, “რა დონეზეც ამისთვის ქართული მხარე იქნება მზად”. აღნიშნულის შესახებ ალექსანდრ ბიკანტოვმა 5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ მზად ვართ, აღვადგინოთ ურთიერთობები ჩვენს სახელმწიფოებს შორის [იმ დონეზე, რა დონეზეც] ამისთვის ქართული მხარე იქნება მზად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გაიმარჯვებს საღი აზრი და ჩვენი ქართველი პარტნიორები დაიწყებენ ურთიერთობების დამყარებას მეზობლებთან, მიიღებენ მხედველობაში ინტერესთა ბალანსს”, — ციტირებს მას “რია ნოვოსტი”.

მან აგვისტოს ომის მე-13 წლისთავზეც ისაუბრა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება კი “კრიმინალურ რეჟიმად” მოიხსენია.

“რუსეთს არასდროს გაუიგივებია ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმთან”, — დასძინა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი