ახალი ამბები

თეთრა მღვიმე — ახალი ეკოტურისტული ობიექტი წყალტუბოში

6 აგვისტო, 2021 • 2195
თეთრა მღვიმე — ახალი ეკოტურისტული ობიექტი წყალტუბოში

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში მდებარე თეთრა მღვიმე ტურისტების მიღებას სატესტო რეჟიმში დაიწყებს. უწყების ცნობით, ეს იქნება პირველი ეკოტურისტული სივრცე საქართველოსა და ევროპაში, სადაც ბუნებრივ პირობებში ღვინის დაძველებისა და მღვიმეში დაძველებული ღვინის დეგუსტაციის სერვისი დაინერგება.

“მღვიმე 30 000 წლის წინანდელ ისტორიას ინახავს. ის მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს, სადაც 15 000-მდე არქეოლოგიური მასალაა მოპოვებული, მათ შორის, პალეოლითელი ადამიანის იდაყვის ძვალი, რაც ადასტურებს, რომ მღვიმე პირველყოფილი ადამიანის საცხოვრებელს წარმოადგენდა”, — ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ რელიზში.

უწყების ინფორმაციით, მღვიმეში შესაბამისი ინფრასტრუქტურა კერძო ინიციატივით მოეწყო: ის ელექტრონული აუქციონის შედეგად, 2019 წელს იჯარის ხელშეკრულებით გადაეცა შპს „თეთრა ჯგუფს“. სააგენტო ამბობს, რომ მეიჯარე კომპანიამ, ხელშეკრულების დადებიდან 1 წლის განმავლობაში თეთრა მღვიმის ეკოტურისტული სივრცის მოწყობაში 400 000 ლარამდე ინვესტიცია ჩადო.

“ეს არის ახალი სიტყვა ეკოტურიზმში; აქ მოსულ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ არა მარტო მღვიმე, არამედ დააგემოვნონ ადგილობრივი ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინოები”, — აღნიშნავს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე.

მღვიმე ვიზიტორებს სპელეოგამაჯანსაღებელ სეანსებსაც შესთავაზებს, რაც მისი სპეციფიკური ჰაერით არის განპირობებული. მღვიმის დირექტორის თანახმად, მისი ჭერი და კედლები ვანდალური კვალისგან გაწმინდეს, გაასუფთავეს საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან, ვიზიტორებისთვის კი შესაბამისი ეკოტურისტული სივრცეები მოაწყვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი