ახალი ამბები

ნიდერლანდები საქართველოს ინფიცირების „ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის“ სტატუსს მიანიჭებს — საელჩო

5 აგვისტო, 2021 • 1364
ნიდერლანდები საქართველოს ინფიცირების „ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის“ სტატუსს მიანიჭებს — საელჩო

8 აგვისტოდან, ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს მიენიჭება ინფიცირების „ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის“ სტატუსი. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში.

უწყება ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად ამ გარემოებისა, “საქართველოსთვის კვლავ ძალაში დარჩება „ნარინჯისფერი კოდი“ და მას არ მიენიჭება „წითელი კოდი“ “.

“ეს ნიშნავს, რომ 8 აგვისტოდან საქართველოდან ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით შემომსვლელმა ყველა მგზავრმა უნდა წარადგინოს როგორც სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ასევე – Covid-19-ზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი (სრულად ვაქცინაცია + PCR ტესტი).

გარდა ამისა, საქართველოდან ნიდერლანდებში შემოსული მგზავრების მიმართ იმოქმედებს სავალდებულო 10-დღიანი იზოლაცია/კარანტინი, რომელიც ეხება ყველას, მათ შორის ვაქცინირებულ მგზავრებსაც. იზოლაციაში მყოფ მგზავრს შეუძლია, რომ მე-5 დღეს ჩაიტაროს ტესტირება და, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დატოვოს იზოლაცია”, — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 626 ადამიანი. ჩატარდა 41 885 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 184 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 701 -PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: 4 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.85%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.67%.

მასალების გადაბეჭდვის წესი