ნიდერლანდების მთავრობა საქართველოში მზარდი რეპრესიების საპასუხოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეზღუდვებს უწესებს.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში მკვეთრად გაუარესებული ვითარებისა და ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ, აჩერებს “MATRA”-ს კანონის უზენაესობის სასწავლო პროგრამაში მთავრობის წარმომადგენელთა მონაწილეობას.
”ნიდერლანდებმა გადაწყვიტა, შეაჩეროს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობა ჩვენს „MATRA“-ს კანონის უზენაესობის სასწავლო პროგრამაში. ეს რთული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯია საქართველოში სწრაფად გაუარესებული ვითარებისა და ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ”,- განცხადებას ქვეყნის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ “X”-ზე აქვეყნებს.
ნიდერლანდები საქართველოს მთავრობას მოუწოდებს:
- დასაჯოს ჟურნალისტებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში პასუხისმგებელი პირები;
- გააუქმოს რეპრესიული კანონები;
- გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი.
” მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები: დაისაჯოს მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობაში პასუხისმგებელი პირები, გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და გააუქმოს ყველა რეპრესიული კანონმდებლობა”, – წერია განცხადებაში.
