ორჯერადად ვაქცინირებულ პირებში COVID-19-ის დადასტურების შანსი სამჯერ ნაკლებია, ვიდრე მათში, ვისაც ვაქცინაცია ჩატარებული არ აქვს.
ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის ფარგლებში, რომელიც 24 ივნისიდან 12 ივლისამდე პერიოდს მოიცავს, 100 000 ადამიანის ნიმუში შეისწავლეს. მათგან დაავადება 0.63%-ს დაუდგინდა, რაც ყოველ 158 პაციენტში ერთია.
The Guardian წერს, რომ PCR ტესტების ანალიზის საფუძველზე კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ სრულად ვაქცინირებულმა პირებმა შესაძლოა ნაკლებად გადასდონ სხვებს ვირუსი, ვიდრე არავაქცინირებულებმა, რადგანაც მათ ორგანიზმში ვირუსის კონცენტრაცია ნაკლებია.
კვლევითი პროგრამის დირექტორი, პროფესორი პოლ ელიოტი აცხადებს, რომ მიგნებები ამყარებს წინა კვლევების შემოთავაზებულ მოსაზრებას, რომ ორჯერადი ვაქცინაცია ადამიანს ინფიცირებისგან კარგად იცავს. ამასთან, აღნიშნავს, რომ არცერთი ვაქცინა 100%-ით ეფექტიანი არ არის და ზოგიერთი ვაქცინირებული პაციენტი მაინც შეიძლება კორონავირუსით დაავადდეს.
შესაბამისად, ელიოტი აღნიშნავს, რომ რეგულაციების შემსუბუქების მიუხედავად, საჭიროა ზრუნვა ინფიცირების მაჩვენებლის შემცირებაზე.