ახალი ამბები

ვოლსკი: პრეზიდენტის განცხადებას აკლდა დაბალანსება

4 აგვისტო, 2021 • 884
ვოლსკი: პრეზიდენტის განცხადებას აკლდა დაბალანსება

“ქართული ოცნების” დეპუტატი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას დაბალანსება აკლდა.

ვოლსკის თქმით, ერთია “ქართული ოცნების” 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა  და ამას სერიოზული საფუძველი და წინაპირობა აქვს. იგი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილს მეტი აქცენტი უნდა გაეკეთებინა იმაზე, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ენმ-მ არ მოაწერა ხელი:

“განცხადებას მნიშვნელოვნად აკლდა დაბალანსება, ვინაიდან გასვლა ამ შეთანხმებიდან ერთია, რასაც საკმაოდ სერიოზული საფუძველი და წინაპირობა აქვს. და მეორეა, როცა ამ შეთანხმებას საერთოდ არ უერთდები, რაზეც პრეზიდენტს მეტი აქცენტი უნდა გაეკეთებინა, ჩემი აზრით”, – ამბობს გია ვოლსკი.

გუშინ, 3 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. მისი თქმით, პრინციპები, რომელსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა.

ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, ის არ ეთანხმება მმართველი პარტიის შეფასებას, პოლარიზაცია არ შემცირებულა და ამით დოკუმენტის ანულირების ახსნას.

ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას შეთანხმების დოკუმენტის ანულირებაზე – ზურაბიშვილი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მედიაციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პირადად ჩაერთო და 2021 წლის 19 აპრილს შეთანხმება შედგა, თუმცა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ენმ-მ და “ლეიბორისტულმა პარტიამ”. ამასთან, “ლეიბორისტულმა პარტიამ” პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა, ენმ კი პარლამენტში მაინც შევიდა.

შეთანხმება ითვალისწინებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულს საკითხებზე რეაგირებას, რის შედეგადაც ნიკა მელია და გიორგი რურუა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებდნენ; გარდა ამისა, დოკუმენტი მოიცავს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების ჩატარების ვალდებულებას და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას.

ამასთან, შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

19 აპრილის შეთანხმება, გარდა იმისა, რომ შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ემსახურება, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან განხილულია როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განსახორციელებელი რეფორმების გზამკვლევი.

მას შემდეგ, რაც 28 ივლისს მმართველმა პარტიამ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა.

2 აგვისტოს კი, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის ნაწილთან გამართა. როგორც გუშინ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მმართველი პარტია არათუ 19 აპრილის შეთანხმებას დაუბრუნდება, არამედ მსგავსი ტიპის შეთანხმებას არც მომავალში მოაწერს ხელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი