ახალი ამბები

ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას შეთანხმების დოკუმენტის ანულირებაზე – ზურაბიშვილი

3 აგვისტო, 2021 • 1986
ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას შეთანხმების დოკუმენტის ანულირებაზე – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

მისი თქმით, პრინციპები, რომელსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა.

“მე პირადად ვიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ კიდეც იმით, რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ჩიხში შედიოდა. თუმცა ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომლებიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული, და ვერც მის ანულირებაზე. თუმცა დღეს, პოსტ ფაქტუმ იმის აღმოჩენა, რომ თურმე ისეთი რაღაცები დავთმეთ, რაც მიუღებელი ყოფილა და რამაც შესაძლოა ქვეყანა დააზიანოს, გაუგებარია. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, წითელი ხაზების ხელმოწერამდე გავლება ვიცი.

მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი, რომელიც დგას ამ დოკუმენტის უკან, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპები, რომელსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიაროს და რომელსაც მე მხარს ვუჭერ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, არ ეთანხმება მმართველი პარტიის შეფასებას, პოლარიზაცია არ შემცირებულა და ამით დოკუმენტის ანულირების ახსნას.

“ამ დოკუმენტის შედეგია, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პოლიტიკური პროცესები, დაკარგეს დესტაბილიზაციის ყოველგვარი რესურსი და ხელის არ მოწერით განიცადეს ერთგვარი მარგინალიზაცია!

ამდენად, არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა, რითაც ხსნის დოკუმენტის ანულირებას.  დოკუმენტი ამ პოლარიზაციას ამცირებს, ასუსტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი, ყველაფრის მიუხედავად გაგრძელდება. ეს არის უალტერნატივო გზა, სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის გამყარებისაკენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზოგადოებამ აირჩია”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.


2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მედიაციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პირადად ჩაერთო და 2021 წლის 19 აპრილს შეთანხმება შედგა, თუმცა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ენმ-მ და “ლეიბორისტულმა პარტიამ”. ამასთან, “ლეიბორისტულმა პარტიამ” პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა, ენმ კი პარლამენტში მაინც შევიდა.

შეთანხმება ითვალისწინებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულს საკითხებზე რეაგირებას, რის შედეგადაც ნიკა მელია და გიორგი რურუა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებდნენ; გარდა ამისა, დოკუმენტი მოიცავს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების ჩატარების ვალდებულებას და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას.

ამასთან, შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

19 აპრილის შეთანხმება, გარდა იმისა, რომ შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ემსახურება, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან განხილულია როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განსახორციელებელი რეფორმების გზამკვლევი.

მას შემდეგ, რაც 28 ივლისს მმართველმა პარტიამ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა.

გუშინ, 2 აგვისტოს კი, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის ნაწილთან გამართა. როგორც გუშინ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მმართველი პარტია არათუ 19 აპრილის შეთანხმებას დაუბრუნდება, არამედ მსგავსი ტიპის შეთანხმებას არც მომავალში მოაწერს ხელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი