ახალი ამბები

100 ათას მომხარებელზე მეტს რეფინანსირებაზე მიბმული სესხის საპროცენტო განაკვეთი გაეზარდა

4 აგვისტო, 2021 • 2355
100 ათას მომხარებელზე მეტს რეფინანსირებაზე მიბმული სესხის საპროცენტო განაკვეთი გაეზარდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5%-ით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ გვენეტაძემ დღეს, 4 აგვისტოს განაცხადა.

რეფინანსირების განაკვეთი აქამდე 9.5%-ს შეადგენდა, ახლა კი 10%-მდე გაიზარდა.

“ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა დღეს, 2021 წლის 4 აგვისტოს, რეფინანსირების განაკვეთი 0.5% განაკვეთით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დღეს 10%-ით განისაზღვრება”, – განაცხადა გვენეტაძემ.

2021 წელს ივნისთან შედარებით ივლისში ინფლაციის დონემ 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9 პროცენტი შეადგინა.

გვენეტაძის განმარტებით, ეს განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით და “ძირითადად ერთჯერადი და მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელია”. მისი განცხადებით, ამ მხრივ მთავარია მსოფლიო ბაზარზე სურსათისა და ნავთობის მკვეთრად გაზრდილი ფასები, ასევე, მომატებულია ტრანსპორტირების ხარჯებიც, რაც იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე ახდენს გავლენას.

“საზოგადოება და ბანკების” ინფორმაციით, 2021 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 140 100 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. ასევე, ამ ეტაპზე ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 7825.4 მილიონი ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

ამასთან, პირველი ივნისიდან პირველ ივლისამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთზე გაცემული სესხების რაოდენობა 6 800 ხელშეკრულებით არის გაზრდილი, ხოლო მთლიანი პორტფელი 7677.3 მილიონიდან 7825.4 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

140 100 ხელშეკრულებიდან 45 400 სამომხარებლო ტიპის სესხია, რომლის მოცულობაც 1005 მილიონი ლარია. ლარში გაცემული სამომხარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ივლისის მდგომარეობით 13.90% შეადგინა.

უძრრავი ქონებით უზრუნველყოფის სესხები რაოდენობრივად პირველ ადგილზეა. პირველი ივლისის მონაცემებით რეფინანსირების განაკვეთზე 60 300 სესხია მიბმული, საშუალოდ, 11.54%-ში.

ბიზნესსესხების გასაცემად 30 400 ხელშეკრულებაა გაფორმებული, რაც პირველი ივნისის მაჩვენებლს 900-ით აღემატება. მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1154.9 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ, 14.36%-ში. მსხვილი ბიზნესი კი 2624 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 13.32%-ში.

ამასთან, “საზოგადოება და ბანკების” ინფორმაციით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხები ყველაზე მცირე რაოდენობით არის გაცემული. პირველი ივლისის მონაცემებით სულ გაფორმებულია 700 ხელშეკრულება. ბანკებმა 19.2 მილიონი ლარი საშუალოდ 21.13%-ში გასცეს.

ამასთან, გაცემულია 3 300 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. სესხების მთლიანი მოცულობა 101.2 მილიონი ლარია.

“საზოგადოება და ბანკების” ცნობით, პირველი ივლისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.3%-ია. ამასთან, პირველი ივლისის მდგოამრეობით გაზრდილია როგორც სასესხო პორტფელი, ისე ხელშეკრულებების რაოდენობაც. საპროცენტო განაკვეთი სამომხარებლო სესხებზე 20.49%-დან 21.72%-მდეა გაზრდილი.

ივლისის ინფლაციის შესახებ ვრცლად:

ივლისში წლიური ინფლაცია 11.9% იყო, პური 12%-ითაა გაძვირებული – საქსტატი

მასალების გადაბეჭდვის წესი