ახალი ამბები

საარჩევნო კამპანიის ვაქცინაციის მხარდასაჭერად გამოყენება ეფექტური იქნება – ლომჯარია პარტიებს

3 აგვისტო, 2021 • 849
საარჩევნო კამპანიის ვაქცინაციის მხარდასაჭერად გამოყენება ეფექტური იქნება – ლომჯარია პარტიებს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კამპანიის გამოყენება ვაქცინაციის მხარდასაჭერადაც შეუძლიათ.

მისი თქმით, ვაქცინაციის შესახებ მოსახლეობამდე ინფორმაციის მისატანად საარჩევნო კამპანიები ყველაზე ეფექტური გზა იქნება.

“დღეს, როდესაც გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის მოსახლეობა დგას ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე, რა შეიძლება გავაკეთოთ? ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს (როგორც მმართველ, ასევე ოპოზიციურს) შეუძლიათ მნიშნელოვანი წვლილის შეტანა აცრების მხარდამჭერი კამპანია-აგიტაციის წარმოებაში!

თვითმმართველობის არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიები ჩადიან თითქმის ყველა სოფელში, ყველაზე შორეულ ადგილებშიც კი და ვფიქრობ, რომ აცრების მხარდამჭერი კამპანიის საწარმოებლად და ინფორმაციის მოსახლეობამდე მისატანად საარჩევნო კამპანიის გამოყენება ყველაზე ეფექტური გზა იქნება! პარტიებს თავიანთი აქტივისტების და ოფისების მეშვეობით შეუძლიათ არა მარტო ინფორმაცია გაავრცელონ, არამედ, დაარეგისტრირონ კიდეც მოქალაქეები ბაზრებში, მარკეტებში და სხვა საჯარო სივრცეებში”, – აცხადებს ლომჯარია.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ პარალელურად, საჭიროა სწორი რეგულაციები, სამედიცინო პერსონალის, პედაგოგების, სერვისების მიწოდებაში ჩართული მოქალაქეების აცრა. ასევე, მისი თქმით, ყველა სახელმწიფო თუ არასაჯარო დაწესებულების ხელმძღვანელობამ დასაქმებული პირების აცრა უნდა წაახალისოს ან დაეხმაროს მათ რეგისტრაციაში.

“ასევე, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების ყოველდღიური ბრიფინგები, სადაც ისინი მოუწოდებენ და დაარწმუნებენ მოსახლეობას აცრების აუცილებლობასა და სარგებლიანობაში (შესაბამისი სტატისტიკების მითითებით)”, – აცხადებს ლომჯარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი