დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში 2021 წელს კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა შორის 99.7% აუცრელია. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე ისაუბრა.
“გუშინ გაანალიზდა წელს გარდაცვალებულთა რაოდენობა სრულად და 99.7%, სამწუხაროდ, არის აუცრელი. მეორეს მხრივ, გაანალიზდა ასევე აცრილ მოსახლეობაში დაინფიცირების მაჩვენებელი, ეს არის 0.3% ორჯერ აცრილებში და 0.9% ერთხელ აცრილებში და სრულად აცრილების შემთხვევაშიც, დაახლოებით თხუტმეტჯერადი განსხვავებაა, ანუ აცრა 15 -ჯერ იცავს. 1000 აცრილ ადამიანში შეიძლება კოვიდით დაიღუპოს ერთი, მაშინ, როცა 1000 ადამიანში, რომელსაც დაემართება კოვიდი, დაღუპვის ალბათობა არის 15”, – განაცხადა გამყრელიძემ.
3 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 34 ადამიანი. პანდემიის დაფიქსირებიდან დღემდე კი ქვეყანაში 428 670 პირს დაუდასტურდა კოვიდი, მათ შორის გარდაიცვალა 5 910 ადამიანი.
რაც შეეხება აცრის მაჩვენებელს, 3 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში 523 266 აცრა ჩატარდა, მათ შორის სრულად აიცრა 165 084.
აცრის მსურველებს ონლაინ რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ საიტზე booking.moh.gov.ge, ან ტელეფონის ნომრებზე 1522 ან 144-3 დარეკვის საშუალებით.