ახალი ამბები

იყო ორი სხვა შეტყობინება – გომელაური ტერიტორიაზე, სადაც შანაე ბრუკი მოკლეს

2 აგვისტო, 2021 • 4496
იყო ორი სხვა შეტყობინება – გომელაური ტერიტორიაზე, სადაც შანაე ბრუკი მოკლეს

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ადასტურებს, რომ ტერიტორიაზე, სადაც შანაე ბრუკი მოკლეს, შეტყობინებები პოლიციაში მანამდეც შესულა.

ჟურნალისტებთან საუბარში გომელაური ამბობს, რომ საქმეზე გამომძიებლები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ – „მაქსიმალურს ვაკეთებთ“.

„გვაქვს რაღაცები, ჯერჯერობით სიახლეს ვერ ვიტყვით. ბოდიშს ვიხდი.. შეიძლება გაფუჭდეს ეს გამოძიება და რაც ვიწვალეთ იმ 2 დღის განმავლობაში, შესაძლოა, წყალში ჩაიყაროს ჩემი ერთი სიტყვით“, – ამბობს ის.

ამ განცხადების შემდეგ ჟურნალისტმა გომელაურს უთხრა, რომ მათ ჰყავთ წყაროები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ამავე ტერიტორიაზე სხვა ქალებზე ფიზიკური ძალადობა მოხდა.

„იყო ორი შეტყობინება, ფიზიკური ზეწოლა არ მომხდარა, შემეშინდა, გავიქცეთო.. დავკითხეთ. ვერ გეტყვით, შეიძლება სხვადასხვა [ადამიანი] იყოს”.

გომელაურის თქმითქვე, უფრო მეტი შანსია, რომ მკვლელი საქართველოს მოქალაქე იყოს, ვიდრე უცხოელი ტურისტი.


შანაე ბრუკი პარასკევს, 30 ივლისს გაუჩინარდა. როგორც მისი მეგობრები და ნაცნობები აცხადებდნენ, შანაემ გარდაცვალებამდე ერთ-ერთ მათგანთან დარეკა. ზარის დროს ისმოდა მისი ხმა, ქალი შველას ითხოვდა.

ბრუკი მეორე დღეს მთაწმინდის ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველებისა და გავრცელებული კადრების მიხედვით, ქალს სხეულზე რამდენიმე დაზიანება აღენიშნებოდა. დანიშნულია ექსპერტიზა.

თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის (სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლი) მუხლით დაიწყო, შემდეგ კი გადააკვალიფიცირა განზრახ მკვკელობის (სსკ 108-ე) მუხლში.

ამ დრომდე დაკავებული არავინაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი