საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმდჯომარე და ორი ახალი წევრი.
83 მომხრითა და 3 წინააღმდეგი დეპუტატით ცესკოს ახალი თავმდჯომარე გიორგი კალანდარიშვილი იქნება.
რაც შეეხება ორ ახალ წევრს – ისინი იქნებიან გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე. ორივე მათგანს 81 მომხრე ჰყავდა.
ცესკო-ს ახალი თავმჯდომარისა და ორი პროფესიონალი წევრის არჩევას პარლამენტი მეოთხედ შეეცადა. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ვერც 2/3-ის და ვერც 3/5-ის ქვორუმით ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია, ამჯერად ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა (76) იყო საკმარისი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას პარლამენტის წევრთა 2/3-ის (100 ხმა) მხარდაჭერა სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ 2/3 -ით არჩევა ორჯერ ვერ მოხერხდა, კენჭისყრა 3/5-ის ქვორუმით იმართება, ხოლო შემდეგ ცდაზე- საკმარისია უმრავლესობა.
პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით არჩეული ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.
ცესკოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ის თამარ ჟვანიამ დატოვა.
კალანდარიშვილს ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს. ის 2019 წელს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. .
ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:
ცესკოს ახალ თავმჯდომარეს 5 წლით მხოლოდ “ოცნება” ვეღარ აირჩევს