ახალი ამბები

“პროცესები უნდა იყოს გამჭვირვალე” – აქცია კულტურის სამინისტროსთან ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით

2 აგვისტო, 2021 • 938
“პროცესები უნდა იყოს გამჭვირვალე” – აქცია კულტურის სამინისტროსთან ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით

ხელოვნების მუზეუმის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროსთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მუზეუმში მიმდინარე პროცესები იყოს გამჭვირვალე, მინისტრმა, თეა წულუკიანმა კი მათ კითხვებს გასცეს პასუხი.

აქციის ორგანიზატორის, პარტიის “კანონი და სამართალი” ლიდერის, თაკო ჩარკვიანის თქმით, ხელოვნების მუზეუმში დაცული ოქროს ფონდის მითვისება სურს “ქართული ოცნების” ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. ამ პროცესების შესაჩერებლად კი ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ აუცილებელია შეიქმნას სანდო პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს მუზეუმიდან ექსპონატების ევაკუაცია.

“რაც შეეხება ოქროს ფონდს, ეროვნულ განძს, ჩვენ, საქართველო ვართ ეს ფონდი. ჩვენ ვართ თარიღი, ჩვენ სხვა არაფერი ვართ. ახლა ეს ოხერი რუსი ოლიგარქი [ბიძინა ივანიშვილი] ამ თარიღს ემტერება ზუსტად, მიწისაგან პირისა უნდა აღგავოს, როგორც საყდრისი. ამიტომ, ვფიქრობთ, გაკეთდეს დელეგაცია, სანდო პროფესიონალებით, რომლებიც წლებია გადაფარებული არიან თითოეულ ძეგლს და დეტალს, რაც ოქროს ფონდში არსებობს. ჟურნალისტებთან ერთად, გამჭვირვალობით, დელეგაციის არსებობით, უნდა ვიცოდეთ, სად მიდის, რა ტემპერატურით, რა დაცულობით, თორემ მიკროფონის ქურდი მინისტრი, დარწმუნებულები ვართ, ოქროს ფონდსაც მშვენივრად მოიპარავს”, – განმარტა ჩარკვიანმა.

ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების ევაკუაციის პროცესის გამჭვირვალობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს პარტია “ლელოს” წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილიც. ის პარტიის სხვა წევრებთან ერთად დღევანდელ აქციას შეუერთდა. ნაცვლიშვილის თქმით, ამ დრომდე ხელოვნების მუზეუმში დაცული ექსპონატების ევაკუაციის საკითხი დაიგეგმა საზოგადოების ჩართულობის გარეშე და ეს პროცესი კვლავ ასე გრძელდება, რაც შეიცავს გარკვეულ რისკებს:

“მორიგ ჯერზე ვხედავთ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი დაიგეგმა და გრძელდება საზოგადოებრივი პროფესიული წრეების ჩართულობის გარეშე, სრულიად გაუმჭვირვალედ, დახურულ კარს მიღმა. ეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია და საქმე ეხება უმნიშვნელოვანეს საგანძურს, რომ მასთან დაკავშირებული ნებისმიერ გადაწყევტილების მიღების პროცესი უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე, ჩართულობითი. რა თქმა უნდა, ამაზე უნდა საპარლამენტო ზედამხედველობის უმაღლესი სტანდარტიც –  რომ ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ რიგით მემკვიდრეობაზე”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი განმარტებით, საპარალემენტო მექანიზმის გამოყენება სრული გამჭვირვალობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებას ჰქონდეს მყარი გარანტიები, რომ ამ პროცესებში საჯარო ინტერესები იქნება დაცული, ყველა რისკი იქნება დაზღვეული და გააზრებული.

“რომ ახლა თუ მომავალში, უცებ არ აღმოჩნდეს, რომ თუნდაც ერთი ექსპონატი გაიბნა, დაიკარგა ან დაზიანდა იმიტომ, რომ არასწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, ან არასათანადოდ გააზრებული მთელი ეს პროცესი”, – განმარტა ნაცვლიშვილმა.

აქციის ორგანიზატორის, თაკო ჩარკვიანის თქმით, ის გეგმავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში დააყენოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის საპარალმენტო მოსმენაზე დაბარების საკითხი.

აქციის მიმდინარეობისას თაკო ჩარკვიანი გამოეხმაურა წულუკიანის მიერ “მთავარი არხის” ჟურნალისტისთვის, ემა გოგოხიასთვის მიკროფონის წართმევასაც და სამინისტროში სიმბოლურად დატოვა დეკორატიული მიკროფონი.

ამასთან, აქციის მონაწილეებს კულტურის სამინსიტროსთან მიტანილი ჰქონდათ პლაკატი, წარწერით – გელათი საქართველოა. როგორ პლაკატის ავტორმა, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ უთხრა “ნეტგაზეთს”, წარწერით სურს საზოგადოებას შეახსენოს, რომ გელათში განადგურდა უნიკალური ფრესკები, ამის მიზეზი კი, კილაძის თქმით, ხელისუფლების უყურადღებობაა.


ჩამომალაბორანტეს, ექსპონატების გადარჩენის გეგმა არ მომცეს – მუზეუმის ყოფილი მმართველი

თბილისი კარგავს 2-საუკუნოვან ისტორიულ მუზეუმს – სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი