ახალი ამბები

CDC-ს ახალი დოკუმენტებით, დელტა ვარიანტი უფრო მძიმე ავადობას იწვევს

30 ივლისი, 2021 • 1086
CDC-ს ახალი დოკუმენტებით, დელტა ვარიანტი  უფრო მძიმე ავადობას იწვევს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, რომელიც თავდაპირველად The Washington Post-მა გამოაქვეყნა, კორონავირუსის ე.წ. დელტა ვარიანტი უფრო მძიმე ავადობას იწვევს, ვიდრე ტრადიციული შტამი და ისევე ადვილად ვრცელდება, როგორც ჩუტყვავილა.

როგორც CNN წერს, დოკუმენტი პრეზენტაციის სახით გავრცელდა, რომელშიც საუბარია ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი მონაცემების შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, CDC აცხადებს, რომ ვაქცინირებული ადამიანები შესაძლოა ისევე ავრცელებდნენ დელტა ვარიანტს, როგორც აუცრელები.

დოკუმენტის ავთენტურობას ადასტურებს CDC-ს დირექტორი დოქტორი ვალენსკი და აღნიშნავს, რომ ვითარება სერიოზულია. მისი თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე ადვილად გადამდები ვირუსია, რაც კი ჩვენთვისაა ცნობილი და ისევე მარტივად ვრცელდება, როგორც წითელა და ჩუტყვავილა.

დოკუმენტები სრული სახით დღეს უნდა გამოქვეყნდეს და, როგორც გამოცემა წერს, ის გაამყარებს დოქტორ ვალენსკის პოზიციას სრულად ვაქცინირებული პირებისთვის გაიდლაინში ცვლილებების შეტანის შესახებ.

კერძოდ, CDC გეგმავს პირბადის ტარების ვალდებულება დააკისროს ორჯერადად აცრილ პირებს დახურულ სივრცეებში, სადაც ვირუსის გავრცელების დიდი რისკია. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი განმარტავს, ასეთი დაწესებულებები იქნება სკოლებიც, სადაც ყოველთვის ნიღბები უნდა ეკეთოთ როგორც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, ასევე, ვიზიტორებსაც.

გავრცელებული დოკუმენტების მიხედვით, დელტა შტამით ინფიცირებულ ერთ ადამიანს საშუალოდ 8-9 პირის დაინფიცირება შეუძლია. მანამდე, მეცნიერებს ეგონათ, რომ ტიპური გრიპის მსგავსად, ერთ პირს საშუალოდ ორი სხვა ადამიანისთვის დაავადების გადადება შეეძლო. ვალენსკის თქმით, ბევრი არაა ისეთი ინფექცია, რომლის R0 (გადადების მაჩვენებელი) 8-9-ს აღწევს:

“თუ ვაქცინირებული ადამიანს ვირუსის ეს ვარიანტი შეეყრება, ორგანიზმში ვირუსის ისეთივე კონცენტრაცია შეიძლება ჰქონდეთ, როგორც აუცრელებს. ეს ნიშნავს, რომ ისინი დაავადებას ისევე გაავრცელებენ, როგორც აუცრელი პირები” ,- ამბობს CDC-ს ხელმძღვანელი.

მიუხედავად ამისა, ვალენსკი აღნიშნავს, რომ ვაქცინები 90%-ით ამცირებს დაავადების მძიმე მიმდინარეობის შანსებს, მაგრამ ნაკლებად ეფექტიანი შეიძლება იყოს ვირუსის გავრცელების ნაწილში. პრეზენტაციის მიხედვით, ე.წ. დელტა ვარიანტი შესაძლოა დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობასაც იწვევდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიმდინარე კვირაში რამდენიმე ახალი ნაბიჯი დააანონსა, რომელსაც მისი ადმინისტრაცია ვაქცინაციის პროცესში მეტი ადამიანის ჩასართავად გადადგამს:

“ეს ამერიკული ტრაგედიაა. ადამიანები იღუპებიან და დაიღუპებიან ისინი, ვინც არ უნდა მოკვდნენ. თუ  ჯერ კიდევ არ ხართ ვაქცინირებული – თქვენ არ უნდა მოკვდეთ. წაიკითხეთ ახალი ამბები, ნახავთ ისტორიებს აუცრელ ადამიანებზე საავადმყოფოებში, რომლებიც იხოცებიან COVID-19-ით და ექიმებს სთხოვენ აცრან, ისინი კი პასუხობენ, რომ უკვე გვიანია”, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ვრცლად იმის შესახებ, თუ როგორ ამცირებს ვაქცინაცია COVID-ით გარდაცვალების რისკებს, წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატია:

ვაქცინაციის როლი COVID-ით გარდაცვალების შემთხვევების შემცირებაში

მასალების გადაბეჭდვის წესი