ახალი ამბები

I დოზაზე სერიოზული გვერდითი რეაქციის შემთხვევაში ვაქცინის ჩანაცვლება შეგეძლებათ

30 ივლისი, 2021 • 1270
I დოზაზე სერიოზული გვერდითი რეაქციის შემთხვევაში ვაქცინის ჩანაცვლება შეგეძლებათ

ადამიანებს, რომლებსაც ვაქცინის პირველ დოზაზე სერიოზული გვერდითი რეაქცია — ანაფილაქსიური შოკი ან თროემბოემბოლია — დაუფიქსირდათ, მეორე დოზის სხვა ვაქცინით ჩანაცვლების შესაძლებლობა ექნებათ.

გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ დღეს დაამტკიცა.

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, სერიოზული თრომბოემბოლიური მოვლენა საქართველოში არ დაფიქსირებულა, ხოლო მწვავე სისტემური ალერგიული რეაქცია — ანაფილაქსიური შოკი 2-3 შემთხვევაში განვითარდა.

“საქართველოში ადმინისტრირებულია თითქმის 400 000-ზე მეტი დოზა ვაქცინა და ალერგიული რეაქციების ასეთი კასკადი, რომელსაც სჭირდება ჩანაცვლებითი დოზირება, ძალიან ცოტაა. ასეთი არის სულ 2-3 ადამიანი. გვერდითი მოვლენების რაოდენობა მინიმალურია. ვაქცინების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს იშგამის კომიტეტი, სადაც დარგობრივი ექიმები და მათ შორის, ალერგოლოგები შევდივართ. თუ პირველი რეაქცია ხორციელდება რნმ, ან ვექტორულ, ან ინაქტივირებულ ვაქცინაზე, იგივე სახეობის ვაქცინა მეორე დოზად ვერ გამოიყენება. ალტერნატივა ყოველთვის არის სხვა ჯგუფის ვაქცინა. მაგალითად, თუ რეაქცია არის “ფაიზერზე”, შეგვიძლია შევთავაზოთ ინაქტივირებული ვაქცინა ან “ასტრაზენეკა”, თუ რეაქცია არის ინაქტივირებულ ვაქცინაზე, შეგვიძლია შევთავაზოთ “ასტრაზენეკა” ან ფაიზერი”, — განაცხადა კულუმბეგოვმა.

ინაქტივირებული ვაქცინების ჯგუფს განეკუთვნება “სინოფარმი” და “სინოვაკი, “ვექტორულს” — “ასტრაზენეკა”, ხოლო “ფაიზერი” რნმ მესენჯერული ვაქცინაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი