ახალი ამბები

კონგრესმენები “ქართული ოცნების” მიერ მიშელის შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურებიან

29 ივლისი, 2021 | | 625
კონგრესმენები “ქართული ოცნების” მიერ მიშელის შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურებიან

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, კონგრესმენებმა: ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი) და ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და გამოეხმაურნენ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლასთან დაკავშირებით.

“დღვენადელი სიახლე, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნება” 19 აპრილის შეთანხმებიდან გადის, სამწუხაროდ, ხაზს უსვამს იმ განგრძობად გამოწვევებს, რომელიც საქართველოს დემოკრატიას უდგას წინ. ჩვენ იმედგაცრუებული ვართ მოვლენათა მსგავსი განვითარებით. ასევე, ოპოზიციური პარტიების უარით, შეთანხმებას შეეუერთდნენ და, ზოგადად, პოლიტიკური პოლარიზებით თბილისში. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გადადგან ნაბიჯი უკან, გადააფასონ პრიორიტეტები და იმუშაონ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებაზე და არა მის ნგრევაზე”, – აცხადებენ კონგრესმენები.

28 ივლისს „ქართული ოცნების“ ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ ტოვებს 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით შედგა. ამასთან ერთად „ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“.

საპასუხოდ პარლამენტიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა „გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა“, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და ენმ-ს ლიდერმა ნიკა მელიამ.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გააკრიტიკეს სხვადასხვა საერთაშორისო აქტორებმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ ნედ პრაისის თქმით, „19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა ძირს უთხრის ქვეყნის შეთანხმებულ გზას, რომელიც საჭირო რეფორმების განხორციელებაზე გადიოდა, და ქმნის პოლიტიკურ კრიზისებში დაბრუნების რისკს“.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მედიაციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პირადად ჩაერთო და 2021 წლის 19 აპრილს შეთანხმება შედგა, თუმცა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ენმ-მ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“. ამასთან, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა, „ენმ“ კი პარლამენტში მაინც შევიდა.

შეთანხმება ითვალისწინებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას, რის შედეგადაც ნიკა მელია და გიორგი რურუა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებდნენ; გარდა ამისა, დოკუმენტი მოიცავს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების ჩატარების ვალდებულებას და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას.

ამასთან, შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.

19 აპრილის შეთანხმება, გარდა იმისა, რომ შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ემსახურება, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან განხილულია როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განსახორციელებელი რეფორმების გზამკვლევი.

ევროპული საბჭოს და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივ წერილში ნათქვამია, რომ ეს შეთანხმება გამარჯვებაა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის და ის „კაფავს გზას ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის; ფინანსური მხარდაჭერისთვის; გაფართოებული მონაწილეობისთვის ევროკავშირის პროგრამებში; განახლებული ფოკუსირებისთვის ფიზიკურ და ციფრულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ საქართველოს, კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის კავშირების დონე ევროპასთან და აქვთ ზრდის გაზრდის პოტენციალი“.

საქართველოს და სამეზობლო საკითხებზე წამყვანი ევროპარლამენტარები ჯერ კიდევ შეთანხმების ხელმოწერამდე მიუთითებდნენ, რომ ევროკავშირის მედიაციის შესაძლებლობის გამოუყენებლობა რისკის ქვეშ დააყენებდა საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებს და EU-ს მაკროფინანსურ დახმარებას საქართველოსთვის.

19 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ჩამოსულმა შარლ მიშელმა სასამართლო რეფორმაზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ როგორც 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი, „საქართველოსთვის ევროკავშირის 60-მილიონიანი მაკროფინანსური დახმარების გადმორიცხვის წინაპირობას წარმოადგენს“.

შეთანხმებაზე მომლაპარაკებელი ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლების გარდა, 19 აპრილის დოკუმენტის იმპლემენტაციისკენ საქართველოს მოუწოდებდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

19 აპრილის დოკუმენტი გახდა ნატო-ს კომუნიკეს ნაწილიც.

„ჩვენ მივესალმებით პოლიტიკურ შეთანხმებას „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ და ყველა მხარეს მოვუწოდებთ მისი სრულად იმპლემენტაციისკენ. ეს შეთანხმება ნიადაგს უმზადებს მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც დაეხმარება საქართველოს, ასპირანტი ქვეყნის, პროგრესს წევრობისკენ მოსამზადებელ გზაზე“, — ნათქვამია კომუნიკეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი