ახალი ამბები

პარლამენტში ვაგრძელებთ ბრძოლას, ვემზადებით არჩევნებისთვის – ჯაფარიძე

29 ივლისი, 2021 • 855
პარლამენტში ვაგრძელებთ ბრძოლას, ვემზადებით არჩევნებისთვის – ჯაფარიძე

ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ „ლელო“ პარლამენტში რჩება და თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას იწყებს.

„ჩვენ ვრჩებით შარლ მიშელის შეთანხმების ერთგული და პარლამენტში გავაგრძლებთ ბრძოლას იმისთვის, რომ [შარლ მიშელის] დოკუმენტით აღებული ყველა ვალდებულება იქნას შესრულებული. ასევე, ვიწყებთ მუშაობას, ინტენსიურ მომზადებას ადგილობრივი არჩევნებისათვის“, – განუცხადა ჯაფარიძემ 29 ივლისს ჟურნალისტებს.

„მათ სწირედ ეს უნდათ, ადამიანებმა დაკარგონ არჩევნების რწმენა, არ მოვიდნენ არჩევნებზე. „ქართული ოცნება“ ამას ვერ მიაღწევს. იქნება რეფერენდუმი, ქართულ ოცნებას გაუფორმდება ის დამარცხება, რომელიც გუშინ მათ აღიარეს და შევძლებთ, ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან“, – განაცხადა ჯაფარიძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის შემდეგ.

28 ივლისს „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ მმართველი პარტია ტოვებს 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით შედგა. ამასთან, „ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“.

საპასუხოდ პარლამენტიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა „გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა“, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთთან და ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციები დააონონსეს და საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტის დატოვება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირება არ გამორიცხეს.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გააკრიტიკეს სხვადასხვა საერთაშორისო აქტორებმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისის თქმით, „19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა ძირს უთხრის ქვეყნის შეთანხმებულ გზას, რომელიც საჭირო რეფორმების განხორციელებაზე გადიოდა, და ქმნის პოლიტიკურ კრიზისებში დაბრუნების რისკს“.

შარლ მიშელმა განაცხადა, რომ პოლიტიკურ კონსულტაციებს იწყებს. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. აშშ-მა კი განაცხადა, რომ „ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია“ მმართველი გუნდის „ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან“.

გირჩევთ, წაიკითხოთ:

„ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება ჩაშალა – რას უნდა ველოდოთ

მიშელი ახალ კონსულტაციებს იწყებს: ყველა მხარეს მოვუწოდებ, წინ დააყენონ მოქალაქეების ინტერესები

მასალების გადაბეჭდვის წესი