ახალი ამბები

მიშელი ახალ კონსულტაციებს იწყებს: ყველა მხარეს მოვუწოდებ, წინ დააყენონ მოქალაქეების ინტერესები

29 ივლისი, 2021 • 2024
მიშელი ახალ კონსულტაციებს იწყებს: ყველა მხარეს მოვუწოდებ, წინ დააყენონ მოქალაქეების ინტერესები

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი “ქართული ოცნების” მიერ მისი შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურება.

“მივიღე ინფორმაცია “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაზე 19 აპრილის შეთანხმებისთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება კვლავ სთავაზობს უფრო ძლიერი დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მშენებლობის ევროპულ გზას, რაც ქართველი ხალხის ინტერესებშია. ასევე, თანაბრად ყურადღებას ვაქცევ “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას, კვლავ არ მოაწეროს ხელი შეთანხმებას. მე უწინდებურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების დღის წესრიგის წინ წასაწევად, რაც გააძლიერებდა დემოკრატიულ ინსტიტუტებს საქართველოში და დაეხმარებოდა კეთილდღეობის, სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის შექმნას — ყველაფერს, რაც ძალიან საჭიროა ქართველი ხალხისთვის”, — ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებაში.

შარლ მიშელის თქმით, ვერ ხედავს ყოვლისმომცველი საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებისა და თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ალტერნატივას.

“მოვუწოდებ ყველა მხარეს, მოქალაქეების ინტერესი დააყენონ პირველ ადგილზე და აიღონ ვალდებულება, რომ საქართველოს პოლიტიკურ დისკურსს განავითარებენ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ჩარჩოებში. იწყება კონსულტაციები რიგ პოლიტიკურ აქტორებთან საქართველოში. გუშინ მე შეხვდი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და განვიხილე საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები”, — აცხადებს შარლ მიშელი.

28 ივლისს „ქართული ოცნების” ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ ტოვებს 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით შედგა. ამასთან ერთად „ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“.

საპასუხოდ პარლამენტიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა „გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა“, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთთან და ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციები დააონონსეს და საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტის დატოვება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირება არ გამორიცხეს.


2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მედიაციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პირადად ჩაერთო და 2021 წლის 19 აპრილს შეთანხმება შედგა, თუმცა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ენმ-მ და “ლეიბორისტულმა პარტიამ”. ამასთან, “ლეიბორისტულმა პარტიამ” პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა, ენმ კი პარლამენტში მაინც შევიდა.

შეთანხმება ითვალისწინებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულს საკითხებზე რეაგირებას, რის შედეგადაც ნიკა მელია და გიორგი რურუა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებდნენ; გარდა ამისა, დოკუმენტი მოიცავს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების ჩატარების ვალდებულებას და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას.

ამასთან, შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

19 აპრილის შეთანხმება, გარდა იმისა, რომ შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ემსახურება, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან განხილულია როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განსახორციელებელი რეფორმების გზამკვლევი.

ევროპული საბჭოს და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივ წერილში ნათქვამია, რომ ეს შეთანხმება გამარჯვებაა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის და ის “კაფავს გზას ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის; ფინანსური მხარდაჭერისთვის; გაფართოებული მონაწილეობისთვის ევროკავშირის პროგრამებში; განახლებული ფოკუსირებისთვის ფიზიკურ და ციფრულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ საქართველოს, კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის კავშირების დონე ევროპასთან და აქვთ ზრდის გაზრდის პოტენციალი”.

საქართველოს და სამეზობლო საკითხებზე წამყვანი ევროპარლამენტარები ჯერ კიდევ შეთანხმების ხელმოწერამდე მიუთითებდნენ, რომ ევროკავშირის მედიაციის შესაძლებლობის გამოუყენებლობა რისკის ქვეშ დააყენებდა საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებს და EU-ს მაკროფინანსურ დახმარებას საქართველოსთვის.

19 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ჩამოსულმა შარლ მიშელმა სასამართლო რეფორმაზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ როგორც 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი, “საქართველოსთვის ევროკავშირის 60-მილიონიანი მაკროფინანსური დახმარების გადმორიცხვის წინაპირობას წარმოადგენს”.
შეთანხმებაზე მომლაპარაკებელი ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლების გარდა, 19 აპრილის დოკუმენტის იმპლემენტაციისკენ საქართველოს მოუწოდებდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

მაგალითად, ევროპის საპჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა (PACE) რიკ დაემსმა საქართველოს პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, შეწყვიტონ თამაში და გადადების გარეშე აამოქმედონ შარლ მიშელის დოკუმენტი პრაქტიკაში. მისი თქმით, შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, PACE არაფერ შუაშია 19 აპრილის დოკუმენტთან, თუმცა ევროკავშირი და ევროპის საბჭო იზიარებენ საერთო ფასეულობებს და “ამ შეთანხმების უამრავი ელემენტი მნიშვნელოვანია პროგრესის მისაღწევად პანევროპული საზოგადოების სრული წევრობისთის.”

19 აპრილის დოკუმენტი გახდა ნატო-ს კომუნიკეს ნაწილიც.

“ჩვენ მივესალმებით პოლიტიკურ შეთანხმებას “სამომავლო გზა საქართველოსთვის” და ყველა მხარეს მოვუწოდებთ მისი სრულად იმპლემენტაციისკენ. ეს შეთანხმება ნიადაგს უმზადებს მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც დაეხმარება საქართველოს, ასპირანტი ქვეყანის, პროგრესს წევრობისკენ მოსამაზადებელ გზაზე”, — ნათქვამია კომუნიკეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი