ახალი ამბები

„თქვენ ქვეყანაში იყავით ასეთი მომთხოვნი“ – „სალამი“ ექიმის მხრიდან დისკრიმინაციაზე საუბრობს

29 ივლისი, 2021 • 2505
„თქვენ ქვეყანაში იყავით ასეთი მომთხოვნი“ – „სალამი“ ექიმის მხრიდან დისკრიმინაციაზე საუბრობს

აქტივისტების პლატფორმა „სალამი“ ექიმის მხრიდან მათი ერთ-ერთი წევრის მიმართ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე საუბრობს.

როგორც „სალამში“ ამბობენ, შემთხვევა 28 ივლისს თბილისის ცენტრალურ უბანში მოხდა. პლატფორმის ერთ-ერთი წევრი შეუძლოდ გახდა, რის გამოც 18:05 საათზე სასწრაფო გამოიძახეს.

„ქვეყანაში არსებული კოვიდ რეალობის გათვალისწინებით ერთი საათის და 5 წუთის დაგვიანებით მოვიდა სასწრაფოს დახმარების ბრიგადა (მანქანის ნომერი OO-953-VO), რომელიც მოსვლისთანავე გამოირჩეოდა აგრესიულობითა და არაეთიკურობით, რითაც უხეშად არღვევდა ექიმის პროფესიულ სტანდარტებს, რაზეც ორგანიზაციის რამდენიმე წევრმა შენიშვნა მისცა ექიმებს.

პაციენტის გასინჯვის დროს ბრიგადის ერთ-ერთმა წევრმა გვკითხა, თუ საიდან ვიყავით, ჩვენი პასუხი, რა თქმა უნდა, იყო, რომ ვიყავით საქართველოს მოქალაქეები და მსგავსი შინაარსის კითხვები იყო არასწორი.

ექიმებმა, პაციენტის გასინჯვის მიუხედავად, არ დაგვიტოვეს პაციენტის გასინჯვის ოქმი. ამასთანავე, გარეთ გასვლის შემდეგ, ჩვენს ერთ-ერთ წევრს, რომელიც მათ გარეთ აცილებდა, ერთ-ერთმა ექიმმა განუცხადა: „თქვენს ქვეყანაში რომ ჩახვალთ, იქ იყავით ასეთი მომთხოვნი ექიმების მიმართ“, – წერს „სალამი“.

მათი შეფასებით, როდესაც ქართული ენის სრულყოფილად მცოდნე საქართველოს მოქალაქეებს ასე ესაუბრება და ექცევა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ რეგიონებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის რეალობა გაცილებით უფრო აუტანელი და მძიმეა.

„მოვითხოვთ, აღნიშნულმა ექიმმა საჯაროდ ბოდიში მოიხადოს საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წინაშე ან განთავისუფლებულ იქნას სამსახურიდან“, – ამბობს „სალამი“.

ნეტგაზეთი მომხდარზე დაუკავშირდა სასწრაფოსაც, უწყება ამბობს, რომ ჯერჯერობით კომენტარს ვერ გააკეთებს და განცხადებას მოკვლევის შემდეგ გაავრცელებს. ჯერჯერობით ასევე უცნობია, დაიწყო თუ არა ამ საკითხის შესწავლა სახალხო დამცველის სამსახურმა.


გარეკანი ფოტო გადაღებულია 2020 წლის ნოემბერში. მას ამ კონკრეტულ ამბავთან კავშირი არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი