თბილისში, ვორონცოვზე, ზაარბრიუკენის მოედანთან ახლოს მდებარე საშაურმეში, რომელსაც საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელი დედა-შვილი ამუშავებს, ოჯახს იარაღით დაემუქრა ერთ-ერთი კლიენტი მას შემდეგ, რაც აგრესიული ფორმით ჯერ არაერთგზის მიაყენა შეურაცხყოფა. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ საღამოს გავრცელდა.
ნეტგაზეთი დღეს დედა-შვილს ესაუბრა. კამერების წინ გამოჩენას ერიდებიან, ოჯახის ასაკოვან წევრებზე ზრუნვის და მათი ნერვიულობის თავიდან აცილების მიზეზით. დედა გვარ-სახელის თქმასაც ერიდება. მაგრამ შვილი, ამილ იმანოვი, მიუხედავად იმისა, რომ მის სიტყვებში ეჭვი არც შეგვიტანია, პირადობის მოწმობასაც გვაჩვენებს იმის დასადასტურებლად, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელია, მაგრამ ქართველი — საქართველოს მოქალაქე.
დედა-შვილისთვის უცხო არ არის თავდასხმა და შეურაცხყოფა იმის გამო, რომ რაღაცას ისე არ აკეთებენ, როგორც მათგან ითხოვენ, ხან იმიტომ, რომ ეთნიკური ქართველები არ არიან, ხან იმიტომ, რომ კონკრეტული უბნის ავტორიტეტების დადგენილი კანონებით არ ცხოვრობენ. არც იარაღით მუქარაა პირველი. მთავარი სათქმელი, რაც აქვთ, ისაა, რომ მშვიდად საქმის გაგრძელება უნდათ, კანონის დაცვით, პატიოსნად.
საშაურმესთან რამდენიმე ადამიანი გვხვდება. ერთმანეთში მშვიდად საუბრობენ. ჰყვებიან, რა მოხდა. აქაა ადვოკატი აიჰან ჰასანლი, რომელიც ორგანიზებულ და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 სინდისის პატიმრიდან ერთ-ერთს, ინსაფ ალიევს იცავდა. აქაა ფილოლოგი და მთარგმნელი ოქტაი ქაზუმოვი. ისინი დედა-შვილთან კომუნიკაციაში გვეხმარებიან, მათ აზერბაიჯანულ ენაზე მონაყოლს გვითარგმნიან.
პირველს ამილის დედას ვესაუბრებით. როცა საშაურმესთან მივედით, ამილი ცოტა ხნით გასული დაგვხვდა. წინა დღით ქალი თავის საქმეს აკეთებდა საშაურმეში უკან, როცა ხმაური მოესმა. ქართულ-რუსულად შეურაცხყოფას აყენებდა მამაკაცი მის შვილს.
„აზერები ხართ, თურქები ხართ, თუ ვინ ჯანდაბა ხართ, ქართულად რატომ არ ლაპარაკობთო. ჩემი შვილი საერთოდ ხმას არ სცემდა. ჩემმა შვილმა რომ ხმა არ გასცა, ჩემზე გადმოვიდა. როგორც ძაღლს მიმართავენ, ეგრე მომმართა და გამომაჯავრა — „მუს-მუს-მუს-მუსულმან!“ შემეშინდა, ვიფიქრე, რაღაც ცუდი მოხდება ახლა და რამე უნდა ვიღონო, რომ ჩემი შვილი არ აჰყვეს ამის პროვოკაციას-მეთქი. ვუთხარი, არ ვიცით ქართული, მართალი ხართ. გვითხარით რუსულად, თუ გინდათ შაურმა, მოგართმევთ, თუ არადა, წადით თქვენ თქვენს გზაზე-მეთქი. კიდევ უფრო აგრესიული გახდა. წინ ჩანთა ეკეთა. ამ დროს ამოიღო იარაღი. მე პოლიციიდან ვარო. „ალგანის“ დაცვის ქვეშაა ჩვენი ობიექტი და სიგნალიზაციას დავაჭირე. გარეთ ქალი იყო, რომელიც ამ კაცს ახლდა და კიდევ იმან შეაკავა, თორემ შეიძლება მართლა რაღაც მომხდარიყო. დამარტყამდა მაინც. მაგრამ მზად ვიყავი მაგისთვის, ამიტომ გამოვედი, მერჩივნა ჩემთან ჰქონოდა საქმე, ვიდრე ჩემი ბიჭი წამოჰგებოდა მის პროვოკაციას“, — იხსენებს ამილის დედა.
ამილის დედა აღწერს იარაღსაც, რომელიც მამაკაცმა ამოიღო. რადგანაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციის ვერსიით, ეს პნევმატიკური იარაღი იყო, მას ამაზეც ვეკითხებით. ქალი გვეუბნება, რომ იარაღს კარგად იცნობს, მისი ძმა პოლიციაში მუშაობდა და ის იარაღი, რომლითაც მამაკაცი დედა-შვილს ემუქრებოდა, სათამაშოს ნამდვილად არ ჰგავდა.
იარაღით მუქარის შემდეგ ობიექტთან „ალგანის“ წარმომადგენლობაც მოვიდა და პოლიციაც მათი მოსვლის შემდეგ გამოიძახეს. იარაღი ამოღებულია, მამაკაცი — დაკავებული. დედა-შვილი განყოფილებაში გამოსაკითხად წაიყვანეს. ქალი იხსენებს, რომ 3-4 საათი ჰყავდათ გამოკითხვაზე. პოლიციასთან სასაყვედურო მას პირადად დიდი არაფერი აქვს, თუმცა ამბობს, რომ მისი შვილის გამოკითხვა არაკეთილგანწყობილ გარემოში წარიმართა.
„გამოკითხვის ოქმში არ ჩაწერეს, რომ ეს კაცი გვეუბნებოდა, პოლიციიდან ვარო“, — ამბობს ქალი ნეტგაზეთთან განყოფილებაში გამოკითხვის შესახებ.
ქალი იხსენებს, რომ იყო შემთხვევა, როცა უბანში ქურდული სამყაროს სახელით მისი შვილისგან თანხას ითხოვდნენ და ამის გამო მოკვლითაც დამუქრებიან. სთხოვდნენ ინფორმაციას კონკრეტულ პირებზე და როცა ამილი პასუხობდა, რომ ასეთს არავის იცნობდა, ეს პასუხი მათთვის დამაჯერებელი არ იყო.
„მშვიდად ცხოვრება და ჩვენი საქმის კეთება გვინდა. სახელმწიფომ თავად გადაწყვიტოს, კანონით რა ეკუთვნის ამ ადამიანს. მე ყველაფერს ვაპატიებ“, — ამბობს ქალი.
ამილ იმანოვი და მისი ოჯახი ბოლნისელი აზერბაიჯანელები არიან. ამილის მშობლები სოფელ ფოცხვერიანში დაიბადნენ და გაიზარდნენ. აქვე დაიბადა ამილიც. 4 წლის იყო, როცა ოჯახმა, 1989 წელს, ვინაიდან თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდნენ, საქართველო დატოვეს. 30 წელი გაატარეს ემიგრაციაში, გერმანიაში იცხოვრეს შვიდი წელი. ბოლოს ბაქოში დაფუძნდნენ. ამილის მამის გარდაცვალების შემდეგ კი, მაინც საქართველოში გადაწყვიტეს დაბრუნება, დაახლოებით 7 წლის წინ. ჯერ ბათუმში იცხოვრეს, დიდად არ სიამოვნებთ გახსენება და ამაზე საუბარი, მაგრამ ამბობენ, რომ მსგავსი ინციდენტები, შევიწროების ფაქტები ბათუმშიც გადახდათ თავს. მერე თბილისში გადმოვიდნენ. საშაურმე, რომელსაც ახლა მართავენ, შვიდი თვის წინ გახსნეს.
ამილის დედას რომ ვესაუბრებოდით, ამ დროს მოგვესმა ხმამაღალი საუბარი. ამილი მოსულიყო, მეზობელი ქალი და ორი ახალგაზრდა მამაკაცი ასევე სამეზობლოდან მასთან პრეტენზიული ტონით საუბრობდნენ. მათკენ გადავინაცვლეთ.
„ეს ხალხი რომ მოიყვანე ახლა აქ, რა პონტია, ძმაო. შენ აქ ოდესმე პრობლემა შეგქმნია?“, — ეკითხება ერთი მამაკაცი ამილს დამტვრეული რუსულით.
„ჩვენ აქ არავის მოვუყვანივართ, მოვედით, გვაინტერესებს, რა მოხდა და ვსაუბრობთ ერთმანეთში“, — აზუსტებს ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდა, რომელიც გამართულად საუბრობს ქართულად.
„ძმაო, ჩვენც დავდივართ ფონიჭალაში და ვიცით, რა ხდება. წადით მარნეულში და იქ ილაპარაკეთ“, — ისვრის რეპლიკას ისევ ქართველი მეზობელი და ყველასთვის გაუგებარი რჩება, რას გულისხმობს.
„თქვენ ჟურნალისტი ხართ?“, — მოგვმართავს მეზობელი ქალი, რომელსაც ეკა ჰქვია.
„დიახ, ჟურნალისტი ვარ. ნეტგაზეთიდან.“
„ჰოდა, არასწორად ნუ აშუქებთ, არანაირი ეთნიკური კონფლიქტი აქ არ არის. არავის აქ ჩხუბი არასდროს გაუგია. თვითონაც კარგი პროვოკატორები არიან. ყველაფერს ხომ არ ვიტყვი?! არასდროს ქართველს არ ჰქონია ეთნიკური ისა…“
ემილი და მისი რამდენიმე ნაცნობ-მეგობარი ცდილობს მოთმინება შეინარჩუნოს და მეზობლებთან ურთიერთობა არ გაამწვავოს. იღებენ გადაწყვეტილებას, რომ საუბარი ოდნავ მოშორებით გავაგრძელოთ.
„დაახლოებით 5 წლის წინ მოხდა ბათუმში. მოვიდა რამდენიმე იქაური და ან უფასოდ მოგვცემ საჭმელს ყოველდღე, ან დაგილეწავთ ობიექტსო. გამომიძახეს გარეთ და არმატურა დამარტყეს ზურგში. წამართვეს საფულე. პოლიციაშიც განვაცხადეთ. სახალხო დამცველის აპარატმაც იცოდა, მაგრამ არაფერი მოჰყოლია მაგ საქმეს. გავყიდეთ მერე ყველაფერი და თბილისში წამოვედით. ასეთი თავდასხმა სულ ხდება. უბრალოდ გააჩნია, ვინ რაზეა წამსვლელი. ყველა იარაღით არ გვადგება“, — გვიყვება ამილი.
რატომ არ საუბრობენ ქართულად იმანოვების ოჯახში?
„70 წლის ქალი ვარ. მე ახლაც მზად ვარ, რომ ვისწავლო ქართულად ლაპარაკი, წერა და კითხვა. ასეთი კურსები რომ იყოს, სიამოვნებით ვივლიდი. ბათუმში რომ ვცხოვრობდით, დავრეგისტრირდი რაღაც კურსზე, მაგრამ რიგმა არ მომიწია. მერე კიდეც წამოვედით. სად იყო ჩემს ბავშვობაში და ახალგაზრდობაში ქართული ენის სწავლება ჩვენს თემში. მასწავლეს და არ ვისწავლე? ჩემს დროს კი არა, ჩემი შვილების ბავშვობაშიც არ იყო. დღემდე არაა საბავშვო ბაღი ჩვენს სოფელში. არასდროს მქონია შესაძლებლობა, რომ ქართული მესწავლა“, — გვეუბნება ამილის დედა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს ეუბნებიან, რომ პირი, რომელიც დედა-შვილს ემუქრებოდა, დაკავებულია, „ცხელ კვალზე აიყვანეს“. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რომელთაგან ერთი გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას. მეორე კი — ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარებას.
