ახალი ამბები

კარასინი: მზად ვართ თბილისთან ავიამიმოსვლის აღდგენის განხილვისთვის

28 ივლისი, 2021 • 2696
კარასინი: მზად ვართ თბილისთან ავიამიმოსვლის აღდგენის განხილვისთვის

ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილოს. ამის შესახებ, წერს რუსული სახელმწიფო გამოცემა „ტასს“.

„ჩვენ მზად ვართ, ეს განვიხილოთ. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს [პრობლემა] მოგვარდება“, — ციტირებს კარასინს გამოცემა.

კარასინმა აგრეთვე განაცხადა, რომ იმედი აქვს, სექტემბერში ან ოქტომბერში გამართავს პირად შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან

კარასინმა აღნიშნა, რომ აბაშიძესთან ხშირად კონტაქტობს – „ამ კონტაქტს მოაქვს კარგი შედეგები პრაქტიკული საკითხების მოგვარებაში, მათ შორის, ჰუმანიტარულ და სატრანსპორტო საკითხებში. გავაგრძელებთ მუშაობას“, — თქვა მან.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 19-20 ივნისის მოვლენების შემდეგ, რომელიც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტს მოჰყვა, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს აუკრძალა რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართულებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის.

მასალების გადაბეჭდვის წესი