ახალი ამბები

კასპში არის პირველი ჩანასახი, რომ საერთაშორისო ჩოგბურთელები ჩამოვიდნენ და ივარჯიშონ – წულუკიანი

28 ივლისი, 2021 • 830
კასპში არის პირველი ჩანასახი, რომ საერთაშორისო ჩოგბურთელები ჩამოვიდნენ და ივარჯიშონ – წულუკიანი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის კულტურისა და სპორტის სამინისტრო სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს, მათ შორის, სასწავლო-საწვრთნელი ბაზების შექმნას იმისთვის, რომ უცხოელი სპორტსმენები საქართველოში სავარჯიშოდ ჩამოვიდნენ. მისი განცხადებით, ასეთი ბაზები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უნდა გაკეთდეს, ერთ-ერთი კი კასპში, სადაც ჩოგბურთის სასწავლო-საწვრთნელი ბაზა მოეწყობა. ამის შესახებ წულუკიანმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენაზე ისაუბრა.

“კულტურულ ტურიზმთან ერთად გვინდა, რომ სპორტული ტურიზმი გახდეს ერთ-ერთი მიმართულება იმისათვის, რომ სასწავლო-საწვრთნელ შეკრებებს უცხოელი სპორტსმენები საქართველოში მართავდნენ. ამას წინათ ჩვენ სწორედ ბატონი ირაკლის [ღარიბაშვილის] ხელშეწყობით კასპის სამაჟორიტარო ოლქში ვიმყოფებოდით და იქ არის უკვე პირველი ჩანასახი იმისა, რომ საერთაშორისო სპორტსმენები ჩოგბურთში ჩამოვიდნენ და ივარჯიშონ სწორედ კასპში,  ერთ-ერთ სოფელში – ახალქალაქში, რომელსაც ალბათ ძველი სახელი უნდა დავუბრუნოთ და ეს გახდეს არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ საერთაშორისო ვარჯიშის პოპულარული კერა”, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, საერთაშორისო დონის სასწავლო-საწვრთნელი ბაზა უნდა მოეწყოს სვანეთშიც. წულუკიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მსგავსი აქტივობები სპორტის ყველა სახეობაში შეილება მოეწყოს.

10-წლიანი გეგმის თანახმად, სამინისტროს სურს, რომ 2025 წლისთვის რეგულარულ ფიზიკურ აქტივობებში ჩართული პირების რაოდენობა 22%-დან 30%-მდე გაიზარდოს, 2030 წლისთვის კი ამ მაჩვენებლმა 50%-ს მიაღწიოს. ამასთან, წულუკიანის თქმით, გეგმის თანახმად საქართველოში სპორტსმენთა რაოდენობაც უნდა გაიზარდოს და 2030 წლისთვის 180 000-დან 360 000 უნდა გახდეს. ასევე სამინისტრო გეგმავს, რომ 2028 წლისთვის ზაფხულის ოლიმპიადაზე ქვეყანამ გააუმჯობესოს მაჩვენებელი და ერთ სულ მოსახლეზე მოპოვებული მედლების რაოდენობით მეხუთე ადგილი დაიკავოს. ამასთან, წულუკიანის გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის მულტისპორტული კომპლექსების რაოდენობა სპორტის ძირითადი სახეობებისთვის 4-დან 10-მდე უნდა გაიზარდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი