ახალი ამბები

ბადრი ესებუას ძმა 4-წლიანი პატიმრობის განაჩენს სააპელაციოში ასაჩივრებს

27 ივლისი, 2021 • 1264
ბადრი ესებუას ძმა 4-წლიანი პატიმრობის განაჩენს სააპელაციოში ასაჩივრებს

“საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელ ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მისთვის 4-წლიანი პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

“სარჩელი უკვე მომზადებული მაქვს”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” ბიძინა ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.

ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 13 ივლისს ბიძინა ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ისევე როგორც აკღვეთის ღონისძიებას, საქმეს არსებითად განიხილავდა მოსამართლე ნატრული აკობია.

ესებუას ოჯახი აცხადებს, რომ ბიძინა ესებუა უდანაშაულოა და ძმის გამო ისჯება.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ესებუას გამოძიება ედავება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.

ბიძინა ესებუა 2020 წლის 12 დეკემბერს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა 2 მძევალთან და შსს-ს ერთ მომლაპარაკებელთან ერთად ბანკის შენობა დატოვა. თავდამსხმელმა იმ ღამით გაქცევა მოახერხა [არცერთი მძევალი არ დაშავებულა].

26 ოქტომებრს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებული ჰყავდათ როგორც 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე.

ესებუა ამ დრომდე არ დაუკავებიათ. 2020 წლის დეკემბერში დააკავეს მისი ძმა, ბიძინა ესებუა, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება ედება ბრალად. შსს-ს თანახმად, არსებობდა ვარაუდი, რომ მას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის სხვადასხვა ნივთი უნდა გადაეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი