ნეტგაზეთი | მწერლები პროტესტის ნიშნად “ლიტერას” კონკურსში მონაწილეობაზე უარს ამბობენ მწერლები პროტესტის ნიშნად “ლიტერას” კონკურსში მონაწილეობაზე უარს ამბობენ – Netgazeti
Batumelebi | RU

მწერლები პროტესტის ნიშნად “ლიტერას” კონკურსში მონაწილეობაზე უარს ამბობენ

მწერლები ტორესა მოსი და მათე სარალიშვილი კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ კონკურსში “ლიტერა” მონაწილეობაზე უარს ამბობენ. მწერლების თქმით, არ მიიღებენ მონაწილეობას პროექტებში, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერაა დაფინანსებული მანამ, სანამ თეა წულუკიანი მინისტრის პოსტს იკავებს.

მათე სარალიშვილის აცხადებს, რომ ვინც ბოლო დროის ქაოსსა და უსამართლობას გულწრფელად განიცდის, კულტურის სამინისტროს სახელით ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს:

“„მივიწყებულნი” 19 წლისამ დავწერე და 21 წლისამ გამოვეცი. წერის დროს დაგროვილი და გამოხატული ტკივილი ზუსტად ამ პროექტის მაორგანიზებელი ორგანოს, მსგავსი მიდგომის მქონე უკულტურო და ახალგაზრდების წინააღმდეგ მოქმედი პირების ბრალია. ჩემს წიგნს ვერ ვუღალატებ.

ვინც ბოლო დროის ქაოსს, უკულტურობას და უსამართლობას გულწრფელად განიცდის, “კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს” სახელით ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობას არ და ალბათ ვერ მიიღებს.  სიიდან ჩემს რომანს ვშლი”, – ამბობს სარალიშვილი.

გუშინ მსგავსი განცხადება გაავრცელა ტორესა მოსმაც. მწერლის თქმით, სანამ თეა წულუკიანი კულტურის სამინისტროს უხელმძღვანელებს, ამ უწყებასთან სრულ ბოიკოტში იქნება:

“უარს ვამბობ კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობაზე. უკვე ველაპარაკე ჩემს გამომცემელს და, შესაბამისად, “ორდროშობანა” მოიხსნება ლიტერადან. წულუკიანს არ ვიკადრებ მე. სანამ ეგ ქალია კულტურის მინისტრი, სრულ ბოიკოტში ვიქნები მაგ უწყებასთან”, – თქვა ტორესა მოსიმ.

რამდენიმე დღის წინ პირველმა ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის ყოფილმა და კულტურის მოქმედმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. მინისტრს ჟურნალისტისთვის მიკროფონი ამ დრომდე არ დაუბრუნებია, პროკურატურა კი დუმს კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება.

“ლიტერა“ კულტურის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსა. მას შემდეგ პრემიას სხვადასხვა ნომინაციაში ყოველ წელს გასცემენ.

მიკროფონის საქმე: თეა წულუკიანი კანონზე მაღლა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.