ახალი ამბები

“როცა ჟურნალისტს უნდება ითამაშოს პოლიტიკა, ასეთი თამაში ვიცი მე” – წულუკიანი წართმეულ მიკროფონზე

25 ივლისი, 2021 • 1527
“როცა ჟურნალისტს უნდება ითამაშოს პოლიტიკა, ასეთი თამაში ვიცი მე” – წულუკიანი წართმეულ მიკროფონზე

“როდესაც ჟურნალისტს უჩნდება მისნაირად სურვილი ითამაშოს პოლიტიკა, ასეთი თამაში ვიცი მე პოლიტიკური” – ასე პასუხობს ვიცე-პრემიერი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ჟურნალისტების კითხვებს, თუ როდის დაუბრუნებს “მთავარი არხის” კორესპონდენტს წართმეულ მიკროფონს.

წულუკიანი, რომელიც დღეს სვანეთში იმყოფებოდა, ჟურნალისტებთან საუბრისას “მთავარი არხის” კორესპონდენტ ემა გოგოხიას მოუწოდებს მასთან პირადად მივიდეს და მიკროფონი წაიღოს. იმ შემთხვევაში კი თუ გოგოხია ამას არ გააკეთებს, ჟურნალისტს ჰპირდება, რომ 3 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების დღეს, ის თავად დაუბრუნებს მიკროფონს:

“ქალბატონო ემა, დღეს-ხვალ ვარ სვანეთში და მობრძანდით, თუ გაქვთ ამოსასვლელი პირი. თუ არადა, მობრძანდით სხვაგან, სადაც ვიქნები და დაიბრუნეთ ქონება. თუ არადა დაელოდეთ თქვენს მორიგ მწარე მარცხს 3 ოქტომბერს და მაშინ მე მოვალ, დაგიბრუნებთ ამ მიკროფონს და გეტყვით, რომ თქვენ დამარცხდით” – ამბობს თეა წულუკიანი.

უკვე მეოთხეა დღეა, რაც პირველმა ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის ყოფილმა და კულტურის მოქმედმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და ამ დრომდე არ დაუბრუნებია, პროკურატურა კი დუმს კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება.

კულტურის მინისტრი 22 ივლისს, სენაკში, ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით რეაბილიტირებული აკაკი ხორავას სახელობის თეატრი გახსნაზე იმყოფებოდა. ღონისძიების დაწყებამდე მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და დარბაზში გადაინაცვლა. სპექტაკლი ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, როდესაც მოგვიანებით დარბაზში გადანაცვლებულ კულტურის მინისტრს “მთავარი არხის” ჟურნალისტი ემა გოგოხია დეპუტატ თინა ბოკუჩავაზე ძალადობის შესახებ კითხვით მიუახლოვდა.

კულტურის მინისტრმა ჟურნალისტს მიკროფონი ხელიდან გამოგლიჯა.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი