ახალი ამბები

გამოვავლინეთ პირები, რომელთაც თბილისში პლაკატები თვითნებურად გააკრეს, ისინი დაჯარიმდებიან — მერია

24 ივლისი, 2021 • 1198
გამოვავლინეთ პირები, რომელთაც თბილისში პლაკატები თვითნებურად გააკრეს, ისინი დაჯარიმდებიან — მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, გამოავლინეს პირები, რომელთაც თბილისის ქუჩებში “ნაციონალური მოძრაობის”, კრიტიკული მედიისა და აქტივისტების საწინააღმდეგო პლაკატები უნებართვოდ გააკრეს.

“თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომელთაც დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე თვითნებურად გააკრეს პლაკატები და დაამახინჯეს ქალაქის იერსახე.

სამართალდამრღვევი პირები დაჯარიმდებიან კანონის შესაბამისად. თბილისის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დავიცვათ კანონი და გავუფრთხილდეთ დედაქალაქის იერსახეს”, — აღნიშნავს უწყება.

24 ივლისს თბილისის ქუჩებში “ნაციონალური მოძრაობისა” და სამოქალაქო აქტივისტების, ასევე, კრიტიკული ტელეკომპანიების მენეჯერთა საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი პლაკატები გამოჩნდა.

პლაკატებზე დატანილია მიხეილ სააკაშვილისა და დავით კეზერაშვილის, ასევე, “მთავარი არხის” დამფუძნებლის — ნიკა გვარამიას, “ტვ პირველის” მენეჯერისა და ამავე არხის მთავარი პროდიუსერის — ვატო წერეთლისა და ნოდარ მელაძის, აქტივისტების — გიგა მაქარაშვილისა და გიორგი თაბაგარის ფოტოები. იქვეა წარწერა “არა ნაცებს! არა ბოროტებას” და ცისარტყელას გამოსახულება.

ახლო წარსულში მერიის წარმომადგენლებს მყისიერად დაუჯარიმებიათ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ქალაქის ქუჩებში პლაკატებს აკრავდნენ და შესაბამისი სამსახურების თქმით, ამას უკანონოდ აკეთებდნენ. ასე მოხდა, მაგალითად, “ევროპული საქართველოსა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” შემთხვევაში 2020 წელს.

სოციალურ ქსელში მოქალაქეების მიერ 24 ივლისის დილით გავრცელებული ფოტოებიდან ნათელია, რომ ენმ-ის, მედიის ნაწილისა და აქტივისტების საწინააღმდეგო პლაკატები ქალაქში — როგორც ცენტრალურ, ისე გარეუბნებში — საკმაოდ დიდი ოდენობით არის გაკრული. თუმცა, დაჯარიმებული ამ დრომდე არავინაა.

ამ ეტაპზე უცნობია როგორც პლაკატების დამზადებაზე, ისე მათ გავრცელებაზე პასუხისმგებელ პირთა ვინაობა. როგორც “ნეტგაზეთს” “ქართულ ოცნებაში” უთხრეს, მასალასთან საერთო არაფერი აქვთ.

“ძალადობისაკენ მოწოდება” — ISFED და TDI მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების საწინააღმდეგო პოსტერებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი