ახალი ამბები

“ძალადობისაკენ მოწოდება” — ISFED და TDI მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების საწინააღმდეგო პოსტერებზე

24 ივლისი, 2021 • 1295
“ძალადობისაკენ მოწოდება” — ISFED და TDI მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების საწინააღმდეგო პოსტერებზე

არასამთავრობო ორგანიზაციები “სამართლიანი არჩევნები”(ISFED) და “საერთაშორისო გამჭვირვალობა(TDI) განცხადებას ავრცელებენ “ნაციონალური მოძრაობის”, კრიტიკული ტელევიზიებისა და აქტივისტების საწინააღმდეგო პლაკატებზე, რომლებიც თბილისში 24 ივლისს გამოჩნდა. ორგანიზაციების შეფასებით, “პოსტერები, თავისი შინაარსითა და ფორმით ძალადობისაკენ მოწოდებას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის მასზე გამოსახული ადამიანების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს”.

“მსგავს შემთხვევას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინაც ჰქონდა ადგილი, აუდიტის სამსახურის მიერ საკითხის გამოკვლევის შემდეგ ბილბორდების ხარჯი დეკლარირებული იქნა შემოწირულებად. ამჯერად კონტექსტი რადიკალურად განსხვავებულია. შემოწირულების გარდა, 5-6 ივლისის მოვლენების ფონზე მასობრივად გავრცელებულ პოსტერის შინაარსი ძალადობისკენ მოწოდებად აღიქმება, აგრეთვე აშკარაა პოსტერების ჰომოფობიური ქვეტექსტიც.

შესაბამისად, იმის ფონზე, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მმართველი პარტიის მხრიდან სულ უფრო ხშირად გვხვდება სიტყვიერი თავდასხმები კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მისამართით, პოსტერზე არსებულმა მოწოდებებმა შესაძლოა კიდევ ერთხელ დააყენოს ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის საფრთხის ქვეშ”, — ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ “ამგვარი შინაარსის პოსტერების გავრცელება რისკს უქმნის მომავალი საარჩევნო კამპანიის მშვიდ ვითარებაში წარმართვასაც და პოლარიზაციის რისკების გათვალისწინებით ხიფათს წარმოადგენს ჯანსაღი დემოკრატიული პროცესებისთვის”.

ისინი მოუწოდებენ შესაბამის სამსახურებს, შეასრულონ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება და უზრუნველყონ ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოების ადეკვატური დაცვა.

განცხადებაში ასევე გახმიანებულია მოწოდება პოლიტიკური ლიდერებისადმი, “გაემიჯნონ გავრცელებული პოსტერების ძალადობრივ შინაარს და გაავრცელონ მკაფიო გზავნილები ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით”.

რა მოხდა?

24 ივლისის დილით თბილისის ქუჩებში “ნაციონალური მოძრაობისა” და სამოქალაქო აქტივისტების, ასევე, კრიტიკული ტელეკომპანიების მენეჯერთა საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი პლაკატები გამოჩნდა. როგორც “ნეტგაზეთს” მერიაში განუცხადეს, მასალა დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში უნებართვოდ გააკრეს.

პლაკატებზე დატანილია მიხეილ სააკაშვილისა და დავით კეზერაშვილის, ასევე, “მთავარი არხის” დამფუძნებლის — ნიკა გვარამიას, “ტვ პირველის” მენეჯერისა და ამავე არხის მთავარი პროდიუსერის — ვატო წერეთლისა და ნოდარ მელაძის, აქტივისტების — გიგა მაქარაშვილისა და გიორგი თაბაგარის ფოტოები. იქვეა წარწერა “არა ნაცებს! არა ბოროტებას” და ცისარტყელას გამოსახულება.

სოციალურ ქსელში მოქალაქეების მიერ გავრცელებული ფოტოებიდან ნათელია, რომ პლაკატები ქალაქში — როგორც ცენტრალურ, ისე გარეუბნებში — საკმაოდ დიდი ოდენობით არის გაკრული. მერიაში ამბობენ, რომ “თბილსერვის ჯგუფი” უკვე მუშაობს აღნიშნული მასალის ჩამოხსნაზე.

უწყების პრესსამსახურში ასევე აცხადებენ, რომ კანონდამრღვევთა იდენტიფიცირების შემდეგ, მათ დააჯარიმებენ.

ამ დროისთვის უცნობია როგორც პლაკატების დამზადებაზე, ისე მათ გავრცელებაზე პასუხისმგებელ პირთა ვინაობა. როგორც “ნეტგაზეთს” “ქართულ ოცნებაში” უთხრეს, მასალასთან საერთო არაფერი აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი