ახალი ამბები

თბილისში გვეყოლება ვიცე-მერისა და რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატი — ჯაფარიძე

23 ივლისი, 2021 • 914
თბილისში გვეყოლება ვიცე-მერისა და რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატი — ჯაფარიძე

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის “გირჩი — მეტი თავისუფლება” ეცდება, ყველა მუნიციპალიტეტში ჰქონდეს პარტიული სია და ჰყავდეს საკუთარი მერობის/გამგებლობის/მაჟორიტარობის კანდიდატები, გარდა თბილისისა, სადაც პარტია მელია/ხოშტარიას დაუჭერს მხარს.

ამის შესახებ “გირჩი — მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო კანდიდატების მხარდაჭერაზე ენმ, “ევროპული საქართველო”, “გირჩი — მეტი თავისუფლება” და სამოქალაქო მოძრაობა “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია შეთანხმდნენ. მათი კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებში ნიკა მელია იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობის — ელენე ხოშტარია, ხოლო ვიცე-მერობის კანდიდატს “გირჩი — მეტი თავისუფლება” დაასახელებს.

“ყველა კვლევით ერთმნიშვნელოვნად ჩანს, რომ თბილისში მერობის კანდიდატად დადგომის შემთხვევაში მეორე ტურში გადასვლის შანსი არ მაქვს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება შეიძლება მიმეღო, “გირჩი — მეტი თავისუფლებისთვის” ხმების მაქსიმალური მობილიზაციაა. თუმცა მე მჯერა, რომ ჩვენ ამას ისედაც შევძლებთ დამოუკიდებელი და გამორჩეული კამპანიით, ისე, როგორც ეს შარშან გავაკეთეთ. ასევე მჯერა, რომ ამ ადგილობრივ არჩევნებზე მთავარი ამოცანაა, ოპოზიციამ, ჯამში, აიღოს 58%-ზე მეტი. ამისთვის მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ აჩვენოს, რომ აქეთ ფლანგზე არსებობს კომპრომისების და თანამშრომლობის რესურსი.
ეს მნიშვნელოვანია ახლაც და მნიშვნელოვანი იქნება, როდესაც მივაღწევთ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს და დადგება მომავალი კოალიციური მთავრობის შესაძლო ფორმირების საკითხი. ამას ელოდება როგორც ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ისე ამას ელოდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები”, — წერს ჯაფარიძე.

მისი თქმით, თბილისში პარტიას “გირჩი — მეტი თავისუფლებისთვის” ექნება პარტიული სია, მაგრამ არ დააყენებს მერობის კანდიდატს და მხარს დაუჭერს ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას.

“ამავე დროს, თბილისში ჩვენ გვეყოლება ვიცე-მერისა და რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატი, რომლებიც, იმედი გვაქვს, მიიღებენ შესაბამის მხარდაჭერას ოპოზიციური პარტიების მხრიდან”, — აცხადებს ჯაფარიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი