ახალი ამბები

“ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა” – ღარიბაშვილი 5 ივლისზე

23 ივლისი, 2021 •
“ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა” – ღარიბაშვილი 5 ივლისზე

“ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა”, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვას, თუ როდის დაისჯებიან 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების მონაწილეები და ორგანიზატორები.

ღარიბაშვილის მტკიცებით, “ყველა მოძალადე არის დასჯილი და ყველა მოძალადე არის დაჭერილი”.

“სახელმწიფო იყო მოძალადე თქვენი ხელისუფლების დროს, თქვენ წარმოადგენთ ნაცმოძრაობას.  ერთ რამეს გეტყვით, სააკაშვილის დროს სახელმწიფო იყო მოძალადე როგორც ტელევიზიაზე, ბიზნესზე, მოქალაქეზე, ყველაზე… ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა, ეს არის მთავარი”, – მიმართა ღარიბაშვილმა “ფორმულას” ჟურნალისტს კრიტიკული კითხვის პასუხად.

5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ ძალადობრივი ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმოდნენ მედიის წარმომადგენლებს. ასევე, დაარბიეს  “თბილისი პრაიდის” ოფისები და იერიში მიიტანეს “სირცხვილიას” ოფისზეც.

თავს დაესხნენ მედიის 53 წარმომადგენელს. ასევე, ჟურნალისტებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუმტვრიეს ტექნიკაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დრომდე 28 ადამიანი დააკავა, თუმცა ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი