ნეტგაზეთი | ბოლო 6 თვეში აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა 99% არ იყო აცრილი – CDC ბოლო 6 თვეში აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა 99% არ იყო აცრილი – CDC – Netgazeti
Batumelebi | RU

ბოლო 6 თვეში აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა 99% არ იყო აცრილი – CDC

ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა 99% არ იყო აცრილი, განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ.

ამასთან ერთად, სამხრეთის შტატებში, სადაც მოსახლეობის დიდი წილი კონსერვატიულადაა განწყობილი, დაბალია ვაქცინაციის დონე. მაგალითად, ალაბამას შტატში აცრილია ამ შესაძლებლობის მქონე ადამიანთა 33%, ლუიზიანაში — 36%, წერს „გარდიანი“.

„ინტუბაციამდე ვაქცინას მთხოვენ“

ქალაქ ბირმინგემში (ალაბამას შტატი) მცხოვრებმა ექიმმა, ბრიტნი კობიამ „ფეისბუქში“ დაწერა, რომ მის პაციენტებში ვაქცინა მხოლოდ ერთს ჰქონდა გაკეთებული.

„ჩვენთან საავადმყოფოში გადმოჰყავთ ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანები დაავადების სერიოზული [სიმძიმით].

ერთ-ერთი ბოლო რამე, რასაც ინტუბაციამდე [ფილტვების ვენტილაციის აპარატზე შეერთება] აკეთებენ – ვაქცინას მთხოვენ. მათ ხელს ვიჭერ და ვეუბნები, რომ ვწუხვარ, მაგრამ უკვე დაგვიანებულია“, — წერს კობია.

შტატის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლების განცხადებით, აპრილიდან ალაბამაში კორონავირუსით დაღუპულთა 96% არ იყო აცრილი.

„უცებ, ფილტვები აღარ მუშაობდა“

ლუიზიანაში მცხოვრები ფარმაცევტი, პაულა ჯონსონი ჰყვება, რომ ვაქცინაცია გადადო, კორონავირუსით დაინფიცირდა და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

„სი-ბი-ეს ნიუსის“ ეთერში მან თქვა: „ვერ ვსუნთქავდი. უცებ, ფილტვები აღარ მუშაობდა“.

ახლა ჯონსონი თავადაც აპირებს ვაქცინაციას და ამისკენ სხვებსაც მოუწოდებს: „სცადეთ, არაფერი მოგივათ. თუ მაინც დაინფიცირდით, სიმპტომებს შეგიმსუბუქებთ და გამოჯანმრთელებაში დაგეხმარებათ“.


საქართველოში, 23 ივლისის მონაცემით, სულ ჩატარდა 289,399 აცრა, სრულად აცრილია 113,895 ადამიანი.

ვაქცინაციაზე დარეგისტრირება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: booking.moh.gov.ge

საქართველოში ვაქცინაციასთან დაკავშირებით დეტალური სტატისტიკა იხილეთ „ნეტგაზეთის“ მასალაში:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნიკა ბურდული – ნეტგაზეთის რეპორტიორი 2019 წლის დეკემბრიდან. E-mail: realnikaburduli@gmail.com