ახალი ამბები

ვაქცინირებულთა 67% ქალია, 33% კი კაცი – NCDC-ის ანგარიში

22 ივლისი, 2021 • 1264
ვაქცინირებულთა 67% ქალია, 33% კი კაცი – NCDC-ის ანგარიში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ანგარიშის მიხედვით, რომელიც 15 მარტიდან 15 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ქვეყანაში, საერთო ჯამში, აცრილთაგან 67% ქალია, 33% კი- მამაკაცი. ანგარიში NCDC-მ დღეს გამოაქვეყნა.

ანგარიშში ასევე მოცემულია აცრილთა ასაკობრივი ჯგუფების მონაცემები, რომლის თანახმადაც მინიმუმ ერთი დოზით და სრულად აცრილი მოსახლეობის მოცვის სიხშირე განსხვავებულია. პროცენტულად ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 70-74 ასაკობრივ ჯგუფშია, რომელსაც მოსდევს 65-69 და 75 წლის და მეტი ასაკის ჯგუფები.

ამასთან, ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით 18-54 წლის ასაკობრივ ჯგუფში ადამიანთა უმეტესობას სინოფარმის ვაქცინა აქვთ გაკეთებული, მას მოსდევს სინოვაკი, შემდეგ- ასტრაზენეკა და ფაიზერი. 55-65 ასაკობრივ ჯგუფში ასტრაზენეკას წარმოების ვაქცინა აქვს ყველაზე მეტ ადამიანს გაკეთებული, შემდეგ- სინოფარმი, სინოვაკი და ფაიზერი. 65-75+ ჯგუფებში კი ლიდერობს ასტრაზენეკა, რასაც მოსდევს ფაიზერი, შემდეგ- სინოფარმი და სინოვაკი.

რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებს, NCDC-ის ანგარიშის მიხედვით, 15 ივლისისათვის სულ აცრილია 16 486 მუშაკი. მათ შორის ყველაზე მეტი ექიმი ფაიზერით არის აცრილი, რასაც მოსდევს ასტრაზენეკა, შემდეგ სინოფარმი და სინოვაკი.

რეგიონების მიხედვით კი ყველაზე მეტი ადმინისტრირებული დოზები არის თბილისში (202 904), აჭარასა (34 848) და იმერეთში (27 262).

საანგარიშო პერიოდში დღიური გამტარიანობის მაქსიმუმი 11 000-მდე აცრაა. დღეში 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 700 დოზა აცრა კეთდება. ქვეყანაში არსებული ვაქცინებიდან სინოფარმისა და სინოვაკის ადმინისტრირება როგორც პირველადი ჯანდაცვის, ასევე ჰოსპიტალური სექტორის მიერ, ხოლო ასტრაზენეკას და ფაიზერის ადმინისტრირება ექსკლუზიურად სტაციონარშია შესაძლებელი.

NCDC-ის მონაცემების თანახმად, 15 მარტიდან 15 ივლისის ჩათლით ვაქცინის ერთი დოზით სამიზნე პოპულაციის 12.2% ანუ 207 394 ადამიანი იყო აცრილი. სრულად აცრილი კი 126 739 პირი.

რაც შეეხება ადმინისტრირებული დოზების გადანაწილებას მწარმოებლების მიხედვით, NCDC-ის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ასტრაზენეკას 87 617 დოზა იქნა ადმინსიტრირებული, ფაიზერის 29 900 დოზა, სინოფარმის 132 788, ხოლო სინოვაკის 83 828.

მასალების გადაბეჭდვის წესი